მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი თაობის iPhone 4GB აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

64b4fca0b6c7f
გიორგი არონია
18.07.23 00:00
2166

საბაზრო კაპიტალიზაციის $3 ტრილიონიანი ნიშნულის დაძლევისა და მსოფლიოს გარშემო Apple-ის პოპულარობის ზრდის ფონზე, ბოლო თვეებში, მკვეთრად იზრდება მოთხოვნა არამხოლოდ Apple-ის ახალ პროდუქციაზე, არამედ ვინტაჟურ მოწყობილობებზეც, რომელთა შორის პირველი თაობის iPhone-ი ლიდერობს - მოწყობილობა, რომელიც ტექნოლოგიურ სამყაროში რელიქვიად აღიქმება.

პირველი თაობის iPhone-ების გაყიდვით, ბოლო თვეებში, არაერთი რეკორდი დამყარდა, მაგრამ LCG Auctions-ის 16 ივლისს გამართულ აუქციონზე ამ დრომდე არსებული ყველა რეკორდი ერთდროულად დაიმსხვრა. საქმე ისაა, რომ აუქციონზე პირველი თაობის iPhone-ის 4GB-იანი ვერსია გამოვიდა, რომელიც $190 ათასად გაიყიდა. სმარტფონის მაღალ ფასს სწორედ მისი კომპლექტაცია განაპირობებს, რადგან 4GB-იანი iPhone-ის გაყიდვები ბაზარზე გამოჩენიდან ორი თვის შემდეგ შეწყდა და შესაბამისად, ამ სმარტფონების რიცხვი მსოფლიოში ძალიან მწირია. თავის დროზე, iPhone 4GB $499-ად იყიდებოდა, ხოლო iPhone 8GB-ის ყიდვა $599-ად იყო შესაძლებელი, რის გამოც, მომხმარებლებს ერჩივნათ $100-ით მეტი გადაეხადათ, მაგრამ სანაცვლოდ, ორმაგი მეხსიერება მიეღოთ.

როგორც სააუქციონო სახლის ოფიციალურ აღწერაში ვგულისხმობთ, აღნიშნული iPhone-ი Apple-ის ყოფილ ინჟინერს ეკუთვნოდა, რომელიც, როგორც ჩანს, სმარტფონს სწორედ ამ დღისთვის ინახავდა. სმარტფონი იდეალურ მდგომარეობაში არის შენახული და ჯერაც შეფუთულია; ამასთან, დაუზიანებელია თავად სმარტფონის ვინტაჟური შავი ყუთიც. ცხადია, iPhone-ი არც არასდროს ყოფილა ჩართული, რის გამოც, როგორც ექსპერტები ამბობენ, უკეთეს მდგომარეობაში მყოფი პირველი თაობის 4GB-იანი iPhone-ის პოვნა, ფაქტობრივად შეუძლებელია.

აღნიშნული სმარტფონის აუქციონზე $190 ათასად გაყიდვით, სმარტფონის ყოფილმა მესაკუთრემ 38050%-იანი სარგებელი ნახა. შედარებისთვის გეტყვით, რომ ამავე პერიოდში, Apple-ის საბაზრო ღირებულებამ მხოლოდ 2155%-ით იმატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები