საბიუჯეტო ორგანიზაციებში და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში პლასტიკის ბოთლებით სასმლის შესყიდვა შესაძლოა აიკრძალოს - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შესაძლო რეგულაციებზე ბიზნესთან მუშაობს. საკითხზე მორიგი შეხვედრა უწყებაში გუშინ შედგა.
"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" გარემოსდაცვითი მმართველი და ააიპ "ჯორჯია პლასის" თავმჯდომარე, გივი კალანდაძე BMG-სთან ამბობს, რომ სამინისტროსა და ბიზნესს შორის მოლაპარაკებები ნაყოფიერია, თუმცა ჯერ სამუშაო ბევრია. მისი თქმით, საჭიროა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არც ბიზნესს და არც მომხმარებელს დააწვება და ასევე, იქნება სახელმწიფოს ინტერესებთან თანხვედრაში. გივი კალანდაძის თქმით, რეგულაციები ნაჩქარევად არ უნდა ამოქმედდეს, რადგან მისი ჩანაცვლება სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიისთვის გაზრდილ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
“ამის თაობაზე ჩვენ გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები სამინისტროს წარმომადგენლებთან, რა თქმა უნდა, საკმაოდ კვალიფიციური საუბრები მიმდინარეობს, გუშინაც იყო ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა.
ჯერ კიდევ ბევრი იქნება სასაუბრო, იმისათვის, რომ შევჯერდეთ, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება და ისეთი დოკუმენტი, რომელიც არ ავნებს ბიზნესს, არ ავნებს მომხმარებლის ინტერესებს და თანხვედრაში მოვა სახელმწიფო სტრატეგიასთან და ინტერესებთან, რომელიც ეხება მწვანე შესყიდვებს.
ჩვენ ძალიან მოგვწონს მწვანე შესყიდვების პრინციპი, ეს პირდაპირ თანხვედრაშია მაგალითად კოკა-კოლას გარემოს დაცვის სტანდარტებთან და პოლიტიკასთან, ამიტომ ჩვენ ვერ ვხედავთ ვერავითარ პრობლემას, იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები, თუმცა სიჩქარე და ნაჩქარევი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არ იქნება მიზანშეწონილი.
უნდა იყოს მიღებული იმგვარი გადაწყვეტილება, რომელიც ნაკლებად დააწვება ბიზნესს და ნაკლებად დააწვება ჩვენი პროდუქციის რეალიზაციას. პროცესი რთული იქნება გადაიარაღების კუთხით, ფასის კუთხით, რეალიზების კუთხით, იმიტომ, რომ მინის ფასი, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რამდენჯერმე უფრო ძვირია ვიდრე პლასტიკის შეფუთვის,”- ამბობს გივი კალანდაძე.




























