მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პლასტიკის მოხმარების შემცირებაზე კერძო სექტორთან კონსულტაციებს დავიწყებთ - დავით სონღულაშვილი

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

უახლოეს მომავალში დავიწყებთ კონსულტაციებს კერძო სექტორთან, რომ ერთიანი ძალისხმევით მოვიფიქროთ, როგორ შეიზღუდოს და მინიმუმადე დავიდეს პლასტიკის მოხმარება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისთან შეხვედრაზე.

როგორც სამინისტრო იტყობინება, შეხვედრაზე მხარეებმა პროგრამის „შავი ზღვის გალურჯება“| (BBSEA) ფარგლებში ჩატარებული კვლევის - „ზღვის პლასტმასით დაბინძურების შემცირება საქართველოში“ შემაჯამებელი ანგარიში და პლასტმასით დაბინძურების პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელი კონკრეტული რეკომენდაციები განიხილეს.

ანგარიშში წარმოდგენილი იყო კვლევის შედეგები ოთხი მიმართულებით: პლასტმასით ზღვის დაბინძურების ხარისხის დიაგნოსტიკა; მდინარეებიდან პლასტმასის ნარჩენების ამოღების ტექნოლოგიების შეფასება; პლასტიკთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის, საინვესტიციო პრიორიტეტებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების შეფასება; შავი ზღვის მიკროპლასტიკით დაბინძურების ხარისხის შეფასება.

„პლასტიკით გარემოს დაბინძურებით გამოწვეული მდგომარეობა და სურათი საკმაოდ რთულია. მნიშვნელოვანია მყისიერი რეაგირება. ჩვენ უახლოეს მომავალში დავიწყებთ კონსულტაციებს კერძო სექტორთან, რომ ერთიანი ძალისხმევით მოვიფიქროთ, როგორ შეიზღუდოს და მინიმუმადე დავიდეს პლასტიკის მოხმარება. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადებში წარმოადგენს პრობლემის შემცირების და საბოლოოდ აღმოფხვრის ეფექტიან სამოქმედო გეგმას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

„გამოწვევების და პრობლემის მოცულობის დასადგენად, შეთანხმებულად ვიმუშავეთ ანალიტიკურ დოკუმენტზე. არსებობს მტკიცე თანამშრომლობა ჩვენსა და სამინისტროს შორის“, - განაცხადა როლანდ პრაისმა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის პროგრამა „შავი ზღვის გალურჯება“ (BBSEA) მიზნად ისახავს შავი ზღვის მდგრადი მართვისთვის საერთო რეგიონული ჩარჩოს შექმნას და ორიენტირებულია ეკონომიკის გაძლიერების, ზღვის დაბინძურების შემცირების და ეკოსისტემების აღდგენის, მდგრადი თევზჭერის და აკვაკულტურის განვითარების, „ლურჯი სამუშაო ადგილების“ (blue jobs) შექმნის, რეგიონული თანამშრომლობის და შესაძლებლობების განვითარებაზე.

პროგრამა ხორციელდება ბულგარეთის, საქართველოს, მოლდოვის, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის მთავრობებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასევე შავი ზღვის კომისიის (BSC), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC); შავი ზღვის საერთო საზღვაო დღის წესრიგის (CMA) და ევროკომისიის (EC) აქტიური ჩართულობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები