მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პლასტმასის აკრძალვა პროდუქციის ფასის ზრდას გამოიწვევს - ზურაბ უჩუმბეგაშვილი

კვერცხი

კვერცხის წარმოებაში მუყაოს შეფუთვაზე გადასვლას ორი ძირითადი უარყოფითი მხარე აქვს: მაღალი თვითღირებულება და მომხმარებლის ქცევის თავისებურება - ამის შესახებ BMG-სთან „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, პლასტმასის შეფუთვის შესაძლო აკრძალვა წარმოების პროცესის მნიშვნელოვან ცვლილებებსა და პროდუქციის ფასის ზრდას გამოიწვევს.

„ევროპის ბევრ ქვეყანაში კვერცხის შეფუთვა მთლიანად გადავიდა მუყაოს კონტეინერებზე. ჩვენთან ამის დანერგვას ორი მინუსი აქვს: პირველი - ეს არის ფინანსური მხარე, რადგან მუყაოს შეფუთვა გაცილებით ძვირი ღირს. მეორე კი ქართველი მომხმარებლის მენტალიტეტია - სანამ შიგნით არ ჩაიხედავს და არ ნახავს, როგორი კვერცხი დევს, მანამდე არ ყიდულობს. მუყაოს კოლოფების გახსნის მცდელობა კი ხშირად კვერცხის დაზიანებასა და გატეხვას იწვევს“, - აცხადებს უჩუმბეგაშვილი.

მისივე თქმით, მუყაოს შესაფუთი მასალები საქართველოში არ იწარმოება და ბიზნესს მათი იმპორტირება უწევს, რაც საბოლოო პროდუქტის ფასზე პირდაპირ აისახება:

„ამ კონტეინერებს საქართველოში არ აკეთებენ. ჩვენ შემოგვაქვს ბულგარეთიდან და თურქეთიდან, რადგან მსხვილმა სავაჭრო ქსელებმა, მათ შორის „კარფურმა“, მოითხოვეს, რომ ასეთი შეფუთვაც ყოფილიყო წარმოდგენილი. თუმცა, ეს გაცილებით ძვირი სიამოვნებაა.“

კითხვაზე, თუ რამდენად გაიზრდება პროდუქტის ღირებულება, უჩუმბეგაშვილი ზუსტ ციფრებს ჯერჯერობით ვერ ასახელებს, თუმცა პარალელს ავლებს სხვა სექტორებთან: „მატება გარდაუვალია. აი, მაგალითად წყალი - პლასტმასის ბოთლში იმიტომ ყიდულობენ, რომ იაფია. წარმოიდგინეთ, სად შუშის ფასი და სად პლასტმასის.“

შეზღუდვა, ასევე ეხება ხორცპროდუქტების შეფუთვასაც. ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, ბაზარზე არსებული ზოგიერთი მასალა, რომელსაც ხორცის დაფასოებისთვის იყენებენ, შესაძლოა არ ექვემდებარებოდეს აკრძალვას მისი სპეციფიკური შემადგენლობის გამო.

„ევროპის ქვეყნებში, გერმანიაში თუ საფრანგეთში, საკონდიტრო ნაწარმი თუ სხვა პროდუქტები ჩვეულებრივად არის პლასტმასის კონტეინერებში და იქ ხალხი არ იხოცება. არ მგონია, რომ ერთი ხელის მოსმით ყველაფრის აკრძალვა სწორი იყოს,“ - აცხადებს უჩუმბეგაშვილი.

ამ ეტაპზე ბიზნესსექტორი სამინისტროსგან უფრო მეტ კონკრეტიკას და რეგულაციების ამოქმედების გონივრულ ვადებს ელოდება, რათა წარმოების პროცესები ახალ მოთხოვნებს შეუსაბამონ.

მთავრობა პლასტმასის ბოთლებითა და პლასტმასის შეფუთვით საცალო ქსელებში სასმლისა და საკვები პროდუქტების გაყიდვის აკრძალვას გეგმავს. როგორც BMG-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მთავრობის დადგენილების პროექტით, 2027 წლის 1 თებერვლიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში შეფუთული სურსათის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება. დადგენილება ეხება არა მხოლოდ სასმელს, არამედ ნებისმიერი კატეგორიის სურსათს. აკრძალვა არ გავრცელდება მზესუმზირის ზეთსა და 10 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე. სამინისტროს ცნობით, მიზანი პლასტმასით დაბინძურების შემცირებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები