მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პლასტმასის ბოთლებთან დაკავშირებით კომიტეტის ფარგლებში გავაგრძელებთ მუშაობას - მაია ბითაძე

მაია ბითაძე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ამბობს, რომ გაგრძელდება მუშაობა პლასტმასის ბოთლებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე. მან ამის შესახებ ბიზნესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაო ფორმატში განიხილეს ის რეგულაციები, რომელიც პირველი იანვრიდან შედის ძალაში და ეხება გაფართოებული პოლისტიროლის შემცველი ერთჯერადი პროდუქციის ხმარებიდან ამოღებას.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც გარემოს დაცვის კუთხით, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. თუმცა მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ასევე განხილულ იქნა საკომიტეტო მოსმენაზე, სამუშაო შეხვედრაზე და ჩვენ მოვისმინეთ ბიზნესის მოსაზრებები, ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მოსაზრებები, ეხება შესყიდვის პროცესში პლასტიკის ბოთლების შეზღუდვის საკითხებს, რაზედაც ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და მუშაობა გაგრძელდება აუცილებლად ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული შეფუთვის ნარჩენების მართვის რეგულირების ფარგლებში.

ამ ეტაპზე ბიზნესთან შეჯერებული პოზიცია, რაზეც სამინისტრო შეჯერდა, ეს არის მავნე ნივთიერებების შემცველი ერთჯერადი პროდუქციის, იქნება ეს კონტეინერები, დანები, ჩანგლები თუ ჭიქები, ხმარებიდან ამოღებას პირველი იანვრიდან, თუმცა ბიზნესს ექნება საშუალება, რომ სამი თვის ვადაში არსებული პროდუქცია ამოყიდოს. ამასთან, პირველ ივლისამდე გადაიდო ვალდებულება, რომ ასევე ის პლასტიკი და სხვა, ყველანაირი ტიპის პლასტიკის ერთჯერადი ჭიქა და კონტეინერი აღარ იქნეს გამოყენებული სავაჭრო და სხვა ტიპის ქსელებში, სადაც ამგვარი პროდუქტის გამოყენება ხდება. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ კომიტეტის ფარგლებში ჩვენ აი ამ მეორე ნაწილთან დაკავშირებით, ისევე როგორც ბოთლებთან მიმართებით, კვლავ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას როგორც ბიზნეს სექტორთან, ასევე მთავრობასთან",- ამბობს ბითაძე.

ის დასძენს, რომ როგორც სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, არ არის განსაზღვრული კონკრეტული ვადა, როდის დაიწყება შესყიდვაზე შეზღუდვა ეგრეთ წოდებული პლასტმასის ბოთლებისთვის.

ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის აკრძალვა 2026 წლიდან ამოქმედდება - დადგენილება მიღებულია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები