მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პოლიტიკაში ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოსაზრება გამოთქვას, პარტია შექმნას, დაფინანსება მოიძიოს" - კახა კოჟორიძე

იურისტი

იურისტ კახა კოჟორიძის შეფასებით, იმ საკანონმდებლო ცვლილების მთავარი პრობლემა, რომლითაც მეწარმეებს საჯარო პოლიტიკური აქტივობა აეკრძალათ, მისი განუჭვრეტადობა და რთულად დასანახი ზღვარია დასაშვებსა და აკრძალულს შორის. მისი შეფასებით, ეს ბუნდოვანება არა ავტორთა უბრალო შეცდომა, არამედ, დიდი ალბათობით, წინასწარ გამიზნული სტრატეგიაა. საკითხზე კახა კოჟორაძემ "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.

"ამ კანონის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ძალიან ბუნდოვანია. ზღვრის დანახვა არის რთული. და არ ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევით მიღწეული შედეგია. შესაძლებელია, კანონპროექტის ავტორების მთავარი მიზანიც ეს ყოფილიყო, რომ მიეღოთ კანონი, რომელიც იქნებოდა ბუნდოვანი, განუჭვრეტადი, და მერე იმ ბუნდოვანებას და გაურკვევლობას, კონკრეტული პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე და საჭირო პოლიტიკური საჭიროებიდან გამომდინარე, პროკურატურას, სასამართლოს, აუდიტის სამსახურს თუ სხვა სამართალდამცავ ორგანოს, როგორც პოლიტიკური კონტექსტი უკარნახებდა, ისე განმარტავდნენ", - განაცხადა იურისტმა BMG-ის ეთერში.

ადვოკატის თქმით, თუ ბიზნესმენი სახელმწიფოს საგადასახადო პოლიტიკას გააკრიტიკებს, არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს, რადგან, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობდნენ კანონის ავტორები საპარლამენტო განხილვებისას, ძალაში შესული კანონი დამოუკიდებელ არსებობას აგრძელებს და პრაქტიკაში მხოლოდ მისი ტექსტი მოქმედებს. კოჟორიძე ხაზს უსვამს, რომ საქმეში პოლიტიკური მოტივის არსებობისას, საქართველოში "წარმოუდგენლად რთული და მიუღწეველია" სასამართლოში კონკრეტული მართლმსაჯულების შედეგის პროგნოზირება.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს კანონის იმ ნაწილზე, რომელიც საზოგადოებაზე ნებისმიერი სახის "გავლენას" პრობლემად მიიჩნევს და მას პოლიტიკურ აქტივობად თარგმნის. კოჟორიძის თქმით, გავლენა ავტომატურად უარყოფითს არ ნიშნავს.

"შეიძლება გავლენა პოზიტიური იყოს. მაგალითად, ვიღაცას ჰქონდეს მოსაზრება, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების ხარისხი არ კონტროლდება და ჰქონდეს იდეები, როგორ გაკონტროლდეს და როგორ გაუმჯობესდეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი. ასეთი ტიპის პოზიტიური გავლენა რატომ უნდა წარმოშობდეს კითხვებს, რომ შეიძლება თუ არა ვიღაცას დაუდგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა?! გერმანიის მწვანეთა პარტიას თუ გაუჩნდა სურვილი რომ, თბილისში დააფინანსოს ხეების დარგვა, ამაზე პრემიერ-მინისტრის ან ნებადართული სუბიექტის მხრიდან შეიძლება თანხმობა დაჭირდეს. და თუ ასეთი თანხმობა არ იქნება, შეიძლება მერე შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვეს ხეების დარგვასაც კი.

ასეთ აბსურდულ შედეგებამდეც კი შეიძლება მივიდეთ. და მგონი ამას არანაირი იურისტობა არ სჭირდება, რომ "გავლენა" ცუდი სიტყვა არ არის. ყველამ ხომ ვიცით, რომ ქრისტიანობა არ დაბადებულა საქართველოში. უცხო ქვეყნების მოქალაქეების გავლენით შემოვიდა საქართველოში და რას ვამბობთ, რომ ცუდი გავლენა მოახდინა საქართველოს განვითარებაზე? ან რუსთაველი რომ პლატონის გავლენას განიცდიდა, ეს ვეფხისტყაოსანზე ცუდად აისახა?", - აცხადებს კახა კოჟორიძე.

იურისტის შეფასებით, ამ რეგულაციებით ხელისუფლება პრაქტიკულად ექსკლუზივს აცხადებს ქვეყნის განვითარების გზასა და პოლიტიკაზე.

"ამ კანონპროექტით ხელისუფლება ამბობს, რომ მხოლოდ მან იცის, თუ რა სჭირდება საქართველოს, მხოლოდ მას აქვს ხედვა და სხვას არ შეიძლება, რომ ასევე ჰქონდეს კარგი აზრი.

პოლიტიკაში ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისი მოსაზრება გამოთქვას, პარტიაც შექმნას, განავითაროს, დამფინანსებელიც მოიძიოს. ბუნებრივია, აქ არ იგულისხმება ისეთი პარტიები თუ პოლიტიკური აქტივობები, რომელთა საქმიანობაც კონსტიტუციით აპრიორი აკრძალულია. ასეთი ტიპის აკრძალვები კონსტიტუციაში და კანონმდებლობაში ისედაც არის. საერთოდ არ სჭირდებოდა არანაირი ახალი კანონპროექტის ინიციირება. გამოხატვის თავისუფლებას მარტო ის ღირებულება კი არა აქვს, რომ მე გამოვთქვა ჩემი აზრი, იდეები ავითარებენ სახელმწიფოს და სწორედ ჯანსაღი კონკურენცია როცა არის ამ იდეათა ჭიდილში და პოლიტიკურ პარტიებში, მაშინ აქვს ამ სახელმწიფოს გაძლიერების და განვითარების მაღალი პერსპექტივა", - აცხადებს კახა კოჟორიძე.

სამი მოსმენით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ბიზნესს ეკრძალება ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობა, რომელიც მის საქმიანობას არ უკავშირდება. პირველ ჯერზე ჯარიმა 20 000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი ადმინისტრაციული სასჯელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ჩანაცვლდება. თუ თავდაპირველი ვარიანტი მხოლოდ ადმინისტრაციულ - 20 000-დან 40 000 ლარამდე ჯარიმებს ითვალისწინებდა, კორექტირებული პროექტით, სასჯელი გამკაცრდა: ფიზიკურ პირებს 3-დან 4 წლამდე პატიმრობა, ხოლო იურიდიულ პირებს - ლიკვიდაცია ან დაჯარიმება ემუქრებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები