2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ამ გადაწყვეტილების მიღებაზე მიმდინარე წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს სხდომაზე EU-ს ლიდერები იმსჯელებენ. კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ერთად საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა 9 მიმართულებით რეფორმების გაგრძელებაზე.
პოლიტიკური მიმართულებით არსებული მიღწევების მიუხედავად, საქართველო უფრო ნაკლებად იყენებს 2014 წელს გაფორმებულ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ვიდრე ეს წინა წლებში იყო. ამას ექსპორტის სტატისტიკაც აჩვენებს, რადგანაც წელს ევროკავშირის წილი მთლიან ექსპორტში შემცირებულია.
ამის მიზეზია წინა წელთან შედარებით EU-ში ექსპორტის 15%-ით, ანუ 103 მილიონი დოლარით შემცირება. შედეგად, ევროკავშირის ბაზარმა მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 12% შეადგინა. შედარებისთვის გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირის წილი საქართველოს ექსპორტში 16% იყო.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ევროკავშირში ექსპორტის შემცირება ძირითადად სპილენძის მადნების ექსპორტის კლებით არის განპირობებული. თუკი გასული წლის 10 თვეში ექსპორტი 363 მილიონი დოლარი იყო, წელს მან მხოლოდ 274 მილიონი დოლარი შეადგინა. ასევე შემცირებულია თხილის და კაკლის ექსპორტი, 54 მილიონი დოლარიდან 38 მილიონ დოლარამდე.