"პროკრედიტ ბანკი - საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსი მატუას შეფასებით, პოლიტიკური გარემო როგორც ლოკალურ, ისე უცხოურ ინვესტიციებზე მოქმედებს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა და დასძინა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც საკრედიტო აქტივობის შენელება აღინიშნება.
- ტურბულენტობა როგორც ლოკალურ, ისე უცხოურ ინვესტიციებზე ზეგავლენას ახდენს. სესხებზე, სხვადასხვა ტიპის ინვესტიციაზე იგრძნობა, რომ გარკვეული პაუზა არის. ზოგადად, არის შემთხვევები, როცა ბიზნესი თავს იკავებს {ინვესტირებისგან}, რადგან აქციებს ელოდება და ა.შ. შეიძლება, ვიღაცამ 2-3 თვით გადადოს ინვესტიციის ჩადება გარკვეულ საწარმოში. როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგ სესხებზე, სხვადასხვა ტიპის ინვესტიციაზე მოთხოვნის მხრივ გარკვეული პაუზა არის, თუმცა ასეთი ტიპის პაუზები წინა არჩევნებზეც გვქონდა...
- იმ მასშტაბის პაუზა, რაც ახლა?
- ახლა ცოტა მეტია, მაგრამ რადიკალურად დიდი არაა.
„წერტილთან“ ინტერვიუში ალექსი მატუამ 2024 წლის ცხრა თვის შედეგებზეც ისაუბრა, რომლითაც კმაყოფილია და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდება და საფინანსო სექტორისთვის 2025 წელიც კარგი იქნება.
„სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანია“, - ამბობს ალექსი მატუა.
2024 წლის 9 თვეში "პროკრედიტ ბანკის" წმინდა მოგებამ 25.3 მილიონი ლარი შეადგინა. "პროკრედიტ ბანკის" მთლიანი აქტივებია 1.9 მილიარდი ლარია, საკრედიტო პორტფელი - 1.4 მილიარდი ლარი, სადეპოზიტო პორტფელი კი - 1.3 მილიარდი ლარი.
„პროკრედიტ ბანკს“ სურვილი აქვს, ბაზარზე მესამე მოთამაშე გახდეს - ალექს მატუა