"პროკრედიტ ბანკი - საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსი მატუას ინფორმაციით, წინასწაარჩევნო პერიოდში, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მხრიდან ვალუტაზე მოთხოვნა მკვეთრად იყო გაზრდილი.
ალექსი მატუა ლარის კურსის სტაბილურობისთვის სავალუტო რეზერვების ხარჯვის პოლიტიკას პირდაპირ არ აფასებს, მაგრამ „პროკრედიტ ბანკის“ კლიენტების მაგალითზე ჰყვება, რომ მოთხოვნა იყო დოლარის სესხების გალარების, ხოლო ლარში დეპოზიტების დოლარში კონვერტირების, რადგან არჩევნების შემდეგ ხალხი ლარის კურსის გაუფასურებას ელოდა.
ეროვნული ბანკის პოლიტიკის შემფასებლად ალბათ ვერ გამოვდგები, მაგრამ იცით, რომ ბიზნესზე ორიენტირებული ბანკი ვართ და შემიძლია გითხრათ, რა ფაქტობრივი სიტუაცია იყო არჩევნებამდე პერიოდში საშუალო ბიზნესის მხრიდან - დოლარში დენომინირებულ სესხებზე გალარების მოთხოვნა იყო და ასევე, სურდათ დეპოზიტები, რომელიც ლარში იყო, დოლარში გადაეკონვერტირებინათ, რადგან არჩევნების მერე როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები ელოდნენ, რომ ლარი გაუფასურდებოდა.
შესაბამისად, [ლარის კურსის გაუფასურების] აჟიოტაჟი შექმნილი იყო მოლოდინებით და არა ფუნდამენტური ფაქტორებით - ფულადი გზავნილების, ექსპორტის ან ტურიზმიდან შემოსავლების შემცირებით.
ამ სიტუაციაში ჩვენ {ბანკი} ვართ გამტარი და როცა მოთხოვნა არის ვალუტაზე, უნდა მოვემსახუროთ კლიენტს. შესაბამისად, როცა მოთხოვნა იზრდება, ვალუტის ფასი იცვლება და სავალუტო ინტერვენციები ერთადერთი ინსტრუმენტია, რაც ამ სიტუაციაში სებ-ს აქვს და რითაც მოლოდინების და აჟიოტაჟის მართვა შეუძლია.
გასაგებია, რომ ეროვნული ბანკის პირდაპირი მანდატია ინფლაციის მართვა და არა ლარის კურსის სტაბილურობა, მაგრამ თუ სებ-ი ამას ასე არ გააკეთებდა, შეიძლებოდა, {ლარის კურსის რყევები} ინფლაციაზე ასახულიყო“, - განაცხადა ალექსი მატუამ.
რაც შეეხება სავალუტო ინტერვენციების ზომას, „პროკრედიტ ბანკი - საქართველოს“ დირექტორი ამბობს, რომ „ამ მომენტში რამდენად იყო ეს თანხა საჭირო, ამას ალბათ დრო გვაჩვენებს“.
ინფორმაციისთვის: 2024 წლის ოქტომბერში, საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდული მოცულობით, 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც სებ-ის არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ერთთვიანი ვარდნაა. ამ კლების მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული 4 სავალუტო ინტერვენცია, 213 მილიონი დოლარის გაყიდვა და ამასთან, სავარაუდოდ, Bmatch პლატფორმით დამატებითი ინტერვენციების განხორციელება იყო, თუმცა ამ გზით გაყიდული რეზერვების მოცულობის შესახებ დაზუსტებული სტატისტიკა მხოლოდ 25 ნოემბერს გახდება ცნობილი, თუმცა იქამდე საჯაროა ინფორმაცია, რომ გასულ თვეში საქართველოს სავალუტო რეზერვები 627 მილიონი დოლარით შემცირდა. პირდაპირი სავალუტო ინტერვენციებისა და Bmatch პლატფორმით განხორციელებული გაყიდვების გარდა, რეზერვების კლებაზე სავარაუდოდ გავლენა იქონია სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვამაც, თუმცა აღნიშნული სტატისტიკაც ამჟამად ხელმისაწვდომი არაა.