შიდა პოლიტიკური კრიზისი და რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრების შემთხვევაში მიგრანტების სამშობლოში დაბრუნება - დამოუკიდებელ კონსულტანტ კახა სამყურაშვილს მიაჩნია, ეს არის ორი მთავარი რისკი, რომელმაც შეიძლება, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპზე გავლენა იქონიოს. „ვფიქრობ, ქართული ბიზნესი, რომელმაც ძალიან ბევრი კრიზისი გამოიარა, უკვე ემზადება იმ სცენარისთვის, როცა შეიძლება, მიგრანტების გადინების გამო, მოთხოვნის დანაკლისი გაჩნდეს“, - განაცხადა ანალიტიკოსმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში, სადაც იანვარში დაფიქსირებულ 11%-იანი ზრდის სავარაუდო ფაქტორებიც გააანალიზა. მთლიანობაში, კახა სამყურაშვილი ვარაუდობს, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა, დაახლოებით, 4-5%-ის ფარგლებში გაიზრდება.
- თქვენი შეფასებით, რა ფაქტორები ზრდის საქართველოს ეკონომიკას და რატომ გვაქვს ერთგვარი ორი რეალობა - ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც ხშირად განსხვავებულია მოლოდინებისგან და აღქმებისგან?
- რამდენიმე საკითხს შევეხები, რატომაც არსებობდა მოლოდინი უფრო ნაკლები ეკონომიკური ზრდის - ნოემბრის ბოლოდან ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, რომლის ინტენსივობა ნოემბერ-დეკემბერში ბევრად მაღალი იყო, ვიდრე იანვარში, მაგრამ იანვარშიც საკმაოდ მაღალი იყო, რაც მოქმედებს განწყობებზე. რას ვგულისხმობ განწყობებში? - ადამიანებს და ბიზნესსაც დაკარგული ან შემცირებული აქვს ნორმალური მდგომარეობის განცდა და აღქმა, რომ ყველაფერი ისეა, როგორც ჩვეულებრივ დროს. ადამიანებში ეს გამოიხატება შემდეგნაირად - ისინი ნაკლებს ხარჯავენ ავტომობილების შეძენაზე, უძრავ ქონების შესყიდვაზე, გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე და ა.შ. ბიზნესის შემთხვევაში კი, გაუარესებული განწყობები აისახება შემცირებულ ინვესტიციებში. გაუარესებული განწყობები კარგად ჩანდა ISET-ის ბიზნესის გაწნყობის ინდექსშიც, რომელიც პირველ კვარტალში, პანდემიის შემდგომ, მინიმუმ მაჩვენებელზე იყო შემცირებული. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ეკონომიკის ნაკლები ზრდის მოლოდინს განსაზღვრავდა, იყო ბოლო კვარტალში დაფიქსირებული მაჩვენებლები: ოქტომბერში ეკონომიკური ზრდა იყო 11%, ნოემბერში - 7.5%, ხოლო დეკემბერში - 6.7% ანუ კლების დინამიკა ნოემბერშიც იყო და დეკემბერშიც. ამ ფონზე მოლოდინი იყო, რომ იანვარში ეკონომიკის ზრდა იქნებოდა 4-5%-ის ფარგლებში, რადგან ეს ინერცია უეცრად ვერსად გაქრება. კიდევ ერთ გარემოებას გავუსვამ ხაზს - დეკემბრის ზრდის ტემპი ყოველთვის აღემატებოდა იანვრის ზრდას. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - რატომ ასცდა მოლოდინები რეალობას?! ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ ერთჯერად ფაქტორებზე, ტრანზაქციებზე, ეკონომიკის ზრდის აღრიცხვის საკითხებზე და ა.შ. ბევრი ვერსია არსებობს ამ თემების ირგვლივ, თუმცა იმ მწირი მონაცემების გამო, რაც ჯერჯერობით გვაქვს, შეუძლებელია უფრო მეტის თქმა, რაც უკვე ითქვა; ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ ეკონომიკის გადაანგარიშებებს და მომდევნო თვეებს, რადგან ეს ვერ იქნება ერთჯერადი დაამოვარდნილი შემთხვევა ანუ თუ იანვარი ასეთი შთამბეჭდავი იყო, ეს შემდეგ თვეებშიც აუცილებლად გამოჩნდება. რაც შეეხება კითხვის პირველ ნაწილს - რამ გაზარდა ეკონომიკა იანვარში - ანალიზმა რამდენიმე ვარიანტისკენ წამიყვანა. ერთ-ერთი ფაქტორია მიგრანტები, თუმცა ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - მიგრანტები შარშანაც იყვნენ და შარშანწინაც და რატომ ჰქონდა წელს ასეთი ეფექტი?! გასაგებია, რომ 11%-იან ზრდას ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ ხსნის, მაგრამ ზოგადად, მიგრანტების და მათი „პარალელური ეკონომიკის ეფექტი“ ძალიან დიდია როგორც წინა წლებში, ისე ახლაც, რადგან ვფიქრობ, დღესაც, დაახლოებით, 60-65 ათასი რუსი, უკრაინელი და ბელარუსი მიგრანტი ცხოვრობს საქართველოში და ისინი საკმაოდ სოლიდურ მოთხოვნას ქმნიან.
- და შესაძლოა, შიდა პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების განწყობასა და ბიზნესების აქტივობაზე აისახება, მათ ეკონომიკურ ქცევაზე ნაკლები გავლენა ჰქონდეს?
- ბუნებრივია, ისინი ნაკლებად სენსიტიურები არიან [შიდა პოლიტიკურ კრიზისზე]; რა თქმა უნდა, მათზეც მოქმედებს, როცა თბილისის ცენტრში არეულობაა და ქუჩაში გადაადგილება საფრთხის შემცველია, მაგრამ მაინც ნაკლებად მოწყვლადები არიან პოლიტიკური კრიზისის მიმართ და ბევრად ნაკლებად ამცირებენ ხარჯვას, როგორც საცალო ვაჭრობის, ისე მომსახურების, თუ სხვა მსხვილი შენაძენების მიმართულებით და ა.შ. ზოგადად, ვფიქრობ, მიგრანტების თემა და ეკონომიკის ზრდის პროგნოზი საკმაოდ გადაჯაჭვულია ერთმანეთთან. 2025 წლის ეკონომიკურ პროგნოზზეც თუ ვისაუბრებთ, ორი ფაქტორია გამოსაყოფი - შიდა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ახლა დაბალი ინტენსივობით გვაქვს, მაგრამ ესკალაციის გაზრდის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს და მეორე ფაქტორია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, რომლის ალბათობა ბოლო დროს გაჩნდა. შეიძლება, ეს რამდენიმე კვირაში არ მოხდეს, მაგრამ 2022 წლის 24 თებერვლის მერე, დღეს ყველაზე მაღალია შანსი, დამთავრდეს რუსეთ-უკარინის ომი; შეიძლება, ჯერ ძალიან შორია [ეს დღე], მაგრამ მაინც ყველაზე ახლოს ვართ...
- Fitch-მა თავის დროზე „დადებითი შოკი“ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე. როგორ შეიძლება აისახოს ომის დამთავრება ჩვენს ეკონომიკაზე?
- დიახ, ომის დაწყებას, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, დადებითი ეფექტი ჰქონდა [საქართველოს ეკონომიკაზე]; ეს ვიცით უკვე და მოცემულობადაც ვიღებთ; ამდენი ათასი მიგრანტის შემოსვლამაც წაახალისა მოთხოვნა საქართველოს უძრავი ქონების სფეროში, საცალო ვაჭრობის სექტორში და ა.შ. და ბუნებრივია, ომის დამთავრებასაც ასევე ექნება ეფექტი.
- როგორი იქნება ეს ეფექტი?
- გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი. პირველი - როგორი იქნება მშვიდობა, იქნება თუ არა ეს მყარი მშვიდობა ანუ იგრძნობს თუ არა ყველა, რომ ომი დამთავრდა და მისი განახლების საფრთხე არაა. ეს განსაზღვრავს იმას, როგორი იქნება მიგრანტების სამშობლოში დაბრუნების ტემპი. შეიძლება, ეს თანდათან მოხდეს და ეკონომიკაზე ეფექტიც შესაბამისი იქნება; თუმცა თუ ვთანხმდებით სცენარზე, რომ ომი მთავრდება და ეს ადამიანები სახლში ბრუნდებიან, ამას ცალსახად ექნება გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. ყველაზე სწრაფად ეს აისახება საცალო ვაჭრობის და მომსახურების სექტორებზე; დიდი ეფექტი ექნება უძრავი ქონების დარგზე; ასევე, [მიგრანტების სამშობლოში დაბრუნებას] არაპირდაპირი ეფექტი ექნება ავტოვაჭრობის, ტრანსპორტის და ლოგისტიკის დარგებზე, რადგან ბევრჯერ ყოფილა საუბარი „შუა დერეფნის“ გაზრდილ ინტერესზე 2022 წლის 24 დეკემბრის შემდეგ და თუ ომი დამთავრდა ისე, რომ რუსეთს სანქციები მოეხსნა და მათ შორის „ჩრდილოეთ დერეფანს“, რომელიც რეალურად ყველაზე სწრაფი და იაფი გზაა, მისი კონკურენტული უპირატესობა კვლავ გაიზრდება, რასაც ტვირთების ისევ „ჩრდილოეთ დერეფანში“ გადამისამართების თვალსაზრისით, „შუა დერეფანზეც“ ექნება გავლენა.
- მოკლედ, რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებას საქართველოს ეკონომიკაზე ექნება გავლენა და ეს ვერ იქნება დადებითი...
- ვფიქრობ, ქართული ბიზნესი, რომელმაც ძალიან ბევრი კრიზისი გამოიარა, უკვე ემზადება იმ სცენარისთვის, როცა შეიძლება, მიგრანტების გადინების გამო, მოთხოვნის დანაკლისი გაჩნდეს.
- და თუ არ ემზადებიან, დაიწყონ უკვე მზადება?
- ამ სცენარისთვის ყველა მზად უნდა იყოს. ჯერ შორი გზაა ომის დამთავრებამდე, მაგრამ ალბათობა გაზრდილია...
- შევაჯამოთ, საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე მოქმედი მთავარი რისკები და ასევე, თქვენი პროგნოზით, წელს, დაახლოებით, რამდენი პროცენტით გაიზრდება ეკონომიკა?
- ვფიქრობ, ეკონომიკა, საშუალოდ, 3-4%-ის ფარგლებში გაიზრდება და ტენდენცია მომდევნო თვეებში ალბათ უფრო კარგად გამოჩნდება. რაც შეეხება რისკებს, შიდა პოლიტიკური კრიზისი ცალსახად რისკია, რადგან ნორმალური მდგომარეობის აღქმა ჯერ კიდევ არაა დაბრუნებული საზოგადოებაში; მეორე - ომის დასრულებას რისკს ვერ დავარქმევ, თუმცა ეს არის საყურადღებო გარემოება [საქართველოს ეკონომიკისთვის].
- წერტილი რას უნდა დაესვას საქართველოში?
- ორ რეალობას დავუსვათ წერტილი და ზოგადად ეკონომიკური მოსაზრებების პოლარიზაციას, რადგან ხშირად სიმართლე იკარგება და ეს ყველას გვავნებს.