დამოუკიდებელი კონსულტანტ კახა სამყურაშვილის აზრით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, საქართველოში ჩამოსული მიგრანტები, რომელთაც აქ ბიზნესსაქმიანობა დაიწყეს, ქვეყნის შიდა პოლიტიკური კრიზისის მიმართ ნაკლებად სენსიტიურები არიან. ამ ფაქტორითაც ხსნის ანალიტიკოსი იანვარში დაფიქსირებულ 11%-იან ეკონომიკურ ზრდას იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ბიზნესის განწყობები გაუარესებულია. "მიგრანტების და მათი „პარალელური ეკონომიკის ეფექტი“ ძალიან დიდია როგორც წინა წლებში, ისე ახლაც", - ამბობს ის. კახა სამყურაშვილი ვარაუდობს, რომ საქართველოში დღესაც ცხოვრობს 60-65 ათასი რუსი, უკრაინელი და ბელარუსი მიგრანტი. BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში დამოუკიდებელმა კონსულტანტმა ვრცლად ისაუბრა იმ ფაქტორებზეც, რაც იანვარში ეკონომიკის ნაკლები ნიშნულით ზრდის მოლოდინს განსაზღვრავდა.
"11%-იან ზრდაში უჩვეულო არაფერია" - საქსტატის და RS.ge-ის პასუხები ეკონომიკის ზრდის ფაქტორებზე
- რამდენიმე საკითხს შევეხები, რატომაც არსებობდა მოლოდინი უფრო ნაკლები ეკონომიკური ზრდის - ნოემბრის ბოლოდან ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, რომლის ინტენსივობა ნოემბერ-დეკემბერში ბევრად მაღალი იყო, ვიდრე იანვარში, მაგრამ იანვარშიც საკმაოდ მაღალი იყო, რაც მოქმედებს განწყობებზე. რას ვგულისხმობ განწყობებში? - ადამიანებს და ბიზნესსაც დაკარგული ან შემცირებული აქვს ნორმალური მდგომარეობის განცდა და აღქმა, რომ ყველაფერი ისეა, როგორც ჩვეულებრივ დროს. ადამიანებში ეს გამოიხატება შემდეგნაირად - ისინი ნაკლებს ხარჯავენ ავტომობილებზე, უძრავ ქონებაზე, გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე და ა.შ. ბიზნესის შემთხვევაში კი, გაუარესებული განწყობები აისახება შემცირებულ ინვესტიციებში. გაუარესებული განწყობები კარგად ჩანდა ISET-ის ბიზნესის განწყობის ინდექსშიც, რომელიც პირველ კვარტალში, პანდემიის შემდგომ, მინიმუმ მაჩვენებელზე იყო შემცირებული. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ეკონომიკის ნაკლები ზრდის მოლოდინს განსაზღვრავდა, იყო ბოლო კვარტალში დაფიქსირებული მაჩვენებლები: ოქტომბერში ეკონომიკური ზრდა იყო 11%, ნოემბერში - 7.5%, ხოლო დეკემბერში - 6.7% ანუ კლების დინამიკა ნოემბერშიც იყო და დეკემბერშიც. ამ ფონზე მოლოდინი იყო, რომ იანვარში ეკონომიკის ზრდა იქნებოდა 4-5%-ის ფარგლებში, რადგან ეს ინერცია უეცრად ვერსად გაქრება. კიდევ ერთ გარემოებას გავუსვამ ხაზს - დეკემბრის ზრდის ტემპი ყოველთვის აღემატებოდა იანვრის ზრდას. შესაბამისად, ბუნებრივია ჩნდება კითხვა - რატომ ასცდა მოლოდინები რეალობას?! ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ ერთჯერად ფაქტორებზე, ტრანზაქციებზე, ეკონომიკის ზრდის აღრიცხვის საკითხებზე და ა.შ. ბევრი ვერსია არსებობს ამ თემების ირგვლივ, თუმცა იმ მწირი მონაცემების გამო, რაც ჯერჯერობით გვაქვს, შეუძლებელია უფრო მეტის თქმა, რაც უკვე ითქვა; ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ ეკონომიკის გადაანგარიშებებს და მომდევნო თვეებს, რადგან ეს ვერ იქნება ერთჯერადი და ამოვარდნილი შემთხვევა ანუ თუ იანვარი ასეთი შთამბეჭდავი იყო, ეს შემდეგ თვეებშიც აუცილებლად გამოჩნდება. რაც შეეხება კითხვის პირველ ნაწილს - რამ გაზარდა ეკონომიკა იანვარში - ანალიზმა რამდენიმე ვარიანტისკენ წამიყვანა. ერთ-ერთი ფაქტორია მიგრანტები, თუმცა ბუნებრივია ჩნდება კითხვა - მიგრანტები შარშანაც იყვნენ და შარშანწინაც და რატომ ჰქონდა წელს ასეთი ეფექტი?! გასაგებია, რომ 11%-იან ზრდას ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ ხსნის, მაგრამ ზოგადად, მიგრანტების და მათი „პარალელური ეკონომიკის ეფექტი“ ძალიან დიდია როგორც წინა წლებში, ისე ახლაც, რადგან ვფიქრობ, დღესაც, დაახლოებით, 60-65 ათასი რუსი, უკრაინელი და ბელარუსი მიგრანტი ცხოვრობს საქართველოში და ისინი საკმაოდ სოლიდურ მოთხოვნას ქმნიან.
და შესაძლოა, შიდა პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების განწყობასა და ბიზნესების აქტივობაზე აისახება, მათზე ნაკლები გავლენა ჰქონდეს?
ბუნებრივია, ისინი ნაკლებად სენსიტიურები არიან [შიდა პოლიტიკურ კრიზისზე]; რა თქმა უნდა, მათზეც მოქმედებს, როცა თბილისის ცენტრში არეულობაა და ქუჩაში გადაადგილება საფრთხის შემცველია, მაგრამ მაინც ნაკლებდ მოწყვლადები არიან პოლიტიკური კრიზისის მიმართ და ბევრად ნაკლებად ამცირებენ ხარჯვას, როგორც საცალო ვაჭრობის, ისე მომსახურების, თუ სხვა მსხვილი შენაძენების მიმართულებით და ა.შ. ზოგადად, ვფიქრობ, მიგრანტების თემა და ეკონომიკის ზრდის პროგნოზი საკმაოდ გადაჯაჭვულია ერთმანეთთან. 2025 წლის ეკონომიკურ პროგნოზზეც თუ ვისაუბრებთ, ორი ფაქტორია გამოსაყოფი - შიდა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ახლა დაბალი ინტენსივობით გვაქვს, მაგრამ ესკალაციის გაზრდის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს და მეორე ფაქტორია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, რომლის ალბათობა ბოლო დროს გაჩნდა. შეიძლება, ეს რამდენიმე კვირაში არ მოხდეს, მაგრამ 2022 წლის 24 თებერვლის მერე, დღეს ყველაზე მაღალია შანსი, დამთავრდეს რუსეთ-უკარინის ომი; შეიძლება, ჯერ ძალიან შორია [ეს დღე], მაგრამ მაინც ყველაზე ახლოს ვართ...
პოლიტიკური კრიზისი და მიგრანტების სამშობლოში დაბრუნება/რისკები ეკონომიკაში - ინტერვიუ