"პოლიტიკური სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომ ტურისტი საქართველოთი დაინტერესდეს" - ამის შესახებ BM.GE-სთან Caucasus Travel-ის დირექტორი მაია კიკნაძე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას საუბრობს და აღნიშნავს, რომ ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს საქართველოში ჩამოსვლის მსურველებისთვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა.
"[აქციებს ჯავშნების] გაუქმებები ნამდვილად არ მოჰყოლია, თუმცა იყო შემცირებები ნაკადებში, რაოდენობებს მოაკლდა 1-2 ადამიანი, ვისაც მიმდინარე მოვლენების გამო ჩამოსვლის შეეშინდათ. მაგრამ, აქციების ფონზე, იმ პერიოდში ძალიან ბევრი კითხვები გაჩნდა.
იმ ჯგუფებს კი, რომლებიც აქციების მიმდინარეობის ლოკაციებზე იყვნენ განთავსებული, რა თქმა უნდა, დისკომფორტი შეექმნათ, წუხდებოდნენ და ღელავდნენ მომხდარზე, თუმცა, გაუქმებით არ გაუუქმებიათ.
ზოგადად, რა თქმა უნდა, [მიმდინარე პროცესები] ძალიან მოქმედებს ჩვენს ბიზნესზე. პოლიტიკური სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომ ტურისტები საქართველოში ჩამოსვლით დაინტერესდნენ", - ამბობს მაია კიკნაძე.
Caucasus Travel-ის დირექტორი მიმდინარე ტურისტული სეზონის მოლოდინებსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ 2024 წელს ვიზიტორთა ნაკადების მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი არ არის.
"ჩვენი კომპანიის მაგალითზე, ზრდა მკვეთრი არ არის 2023 წელთან შედარებით, ალბათ იგივე მონაცემებზე გავალთ, როდესაც ზუსტ სტატისტიკას დავთვლით. საერთოდ, 2019 წელს რომ შევადაროთ, რაზეც გვაქვს სწორება, პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით 50%-იანი მაჩვენებელი გვქონდა გასულ წელს და წელსაც, ალბათ, ასე იქნება", - ამბობს მაია კიკნაძე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, იანვარ-ივნისში პროგნოზები სრულად გამართლდა და საქართველოში 3 მილიონამდე ტურისტული ვიზიტი შედგა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი კი ტურიზმში რეკორდულ წელს პროგნოზირებს. ამასთან, 2024 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი, წლიურად, 40%-ით გაიზარდა და 3.2 მლნ შეადგინა. მიუხედავად მზარდი ტენდენციისა, 2024 წელს ევროკავშირის არცერთი ქვეყანა ვიზიტორების სტატისტიკის პირველ ათეულში არ შედის.