საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ეკონომისტ ბექა ლილუაშვილის აზრით, მართალია, სურსათის მაღალი ფასების მოსახლეობას აწუხებს და ქსელურ მარკეტებსა და მწარმოებელ/დისტრიბუტორებს შორის ურთიერთობა გარკვეულ რეგულაციებს საჭიროებს, „ზედმეტი „პოლიტიკური ცეკვები“ ბიზნესგარემოს აზიანებს“.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და არაერთხელ აღნიშნა, რომ მიუხედავად პრობლემის რეალურობისა, ხელისუფლების მიერ არჩეული გზა - ფასების შემსწავლელი კომისიების სიმრავლე [სამთავრობო და საპარლამენტო კომისიები] და პროცესში ძალოვანი სტრუქტურის [სუს] ჩართვა კითხვებს აჩენს.
„ვფიქრობ, ხელისუფლება პრობლემის გადაჭრას არასწორად მიუდგა. ეს უფრო დაემსგავსა მაღალი პოლიტიკური დივიდენდების ვერ გაყოფის თამაშს. ვერ გავიგე, ორი კომისია რა ფუნქციის მატარებელია ან ძალოვანი სტრუქტურების შემოყვანა, რა გზავნილია. თუ მიზანი [უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის აღმოფხვრის შესახებ] კანონის მიღება იყო, მაშინ ეს „პოლიტიკური ცეკვები“ და კომისიების შექმნა რაღა საჭირო იყო?! საკითხი პირდაპირ პარლამენტში გამოეკვლიათ. მიზანი ლეგიტიმურია, მაგრამ ვფიქრობ, მეთოდმა პროცესი თავიდანვე დააზიანა“, - განაცხადა მან.
ეკონომისტი ხაზს უსვამს, რომ მკაცრი რეგულაციების შემოღებამდე სახელმწიფოს სხვა, უფრო რბილი მექანიზმები უნდა აემუშავებინა, რაც ამ დრომდე არ გაკეთებულა.
„მე შეიძლება, ვემხრობოდე მკაცრ ნაბიჯებს რეგულირების ნაწილში, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა სხვა ნაბიჯი გამოვცადეთ და არ იმუშავა. ჩვენ არ გამოგვიცდია კონკურენციის ნაწილი - არ ვიცით კონკურენციის სააგენტო სწორად როგორ ვამუშაოთ და რა უფლებამოსილებები მივცეთ. არაფერი სხვა არ გვიცდია და უცბად საკმაოდ მძიმე ნაბიჯები გადავდგით“, - აღნიშნა მან.
ამასთან, ბექა ლილუაშვილს მიაჩნია, რომ სავაჭრო ქსელებსა და დისტრიბუტორებს/მწარმოებლებს შორის ურთიერთობაში სისტემური ხარვეზები მართლაც არსებობს - ქსელები კომერციულ რისკებს თითქმის არ იღებენ - რაც საბოლოოდ პროდუქტის თვითღირებულებასა და შემდეგ უკვე სარეალიზაციო ფასზე აისახება.
„პრობლემა რეალურად არსებობს ამ ტრანზაქციულ ურთიერთობებში. ეს არ არის ახალი, დიდი ხანია საუბარია დაგვიანებულ ანაზღაურებაზე, კონსიგნაციით რეალიზაციაზე, ე.წ. ქსელში შესვლისა და თაროზე განთავსების გადასახადებზე და ა.შ. დღევანდელი გადმოსახედიდან, სუპერმარკეტები ქსელი, ფაქტობრივად, არ იღებს კომერციულ რისკებს - პროდუქციაზე საკუთრების უფლებას არ ფლობს, გაფუჭება თუ სხვა ხარჯი მწარმოებლისა და დისტრიბუტორის ტვირთია... არსებობს აშკარა უთანასწორობა მოლაპარაკების მხარეებს შორის“, - ამბობს ყოფილი დეპუტატი.




























