„DATA ცენტრები იქნება ჩვენი ელექტროენერგიის ირიბი ექსპორტი“,- ასე აფასებს საქართველოში მონაცემთა ცენტრების შექმნის მნიშვნელობას DATA CENTER SOLUTIONS-ის თანადამფუძნებელი გიორგი აბრამიშვილი. მისი შეფასებით მსგავსი პროექტების განხორციელება, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, გარდაუვალი იქნება, თუმცა ამავე დრო ამ ცენტრებმა შეიძლება აითვისონ ის ელექტროენერგია, რომლის გამომუშავების პოტენციალი ქვეყანას აქვს, თუმცა შეზღუდული სიმძლავრის გამო, მათი ექსპორტზე გატანა ვერ მოხდება.
„ DATA ცენტრები შესაძლებლობას იძლევა, რომ ქვეყანამ არა ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელოს, არამედ ეს ელექტროენერგია მიმართოს მონაცემთა დამუშავებაში და ამ პროდუქტით მომსახურების ექსპორტი შესთავაზოს ბაზარს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ისრაელელ პარტნიორებთან ერთად მონაცემთა ცენტრის პროექტზე. ჩვენს ეპოქაში მონაცემთა დამუშავებაზე მოთხოვნა ნელ-ნელა ყველა სექტორში გაჩნდება. ჩვენ კარგი პოზიცია გვაქვს გეოგრაფიულადაც. შეგვიძლია ჩართული ვიყოთ ჩინეთსა და ევროპას შორის ამ მსხვილ ტრაფიკში, გვაქვს მწვანე, განახლებადი ენერგია და მდინარეები და კლიმატი, რომელიც DATA ცენტრების მუშაობის პროცესში მათ გაგრილებას უზრუნველყოფს. ჯამურად, კომპლექტში, ძალიან საინტერესო შესაძლებლობა და სახარბიელო პირობები იქმნება ამ ტიპის პროექტებისთვის. სწორედ ამიტომ დავიწყეთ მუშაობა ამ კუთხით, თუმცა ახლა პირველ ეტაპზე უფრო სერვისის შეთავაზებაზე გადავედით და საერთაშორისო ქლაუდი კომპანია „ფარფლ ქლაუდი“ დავაფუძნეთ“, - ამბობს გიორგი აბრამიშვილი.
კითხვაზე, რა აფერხებს ამ მიმართულებით ინვესტორების მოზიდვას, DATA CENTER SOLUTIONS-ის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ ხელშემშლელ ფაქტორთა შორის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებაც არის.
„საკმაოდ მსხვილ ინვესტიციებზე არის აქ საუბარი, 100 მილიონ დოლარზე და ზემოთ... ვესაუბრებით გარკვეულ ინვესტორებს ამ მიმართულებით, თუმცა ახლა, არასტაბილური სიტუაციიდან გამომდინარე, მათ შორის, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რთულია ინვესტორების დარწმუნება ასეთი მსხვილი თანხების ინვესტირებაზე. მაინც ვფიქრობთ, რომ სადღაც 1-1.5 წელიწადი დასჭირდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. ამის შემდეგ კი დაახლოებით 2 წლიანი სამშენებლო პერიოდია საჭირო“, - განმარტავს გიორგი აბრამიშვილი.




























