"მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა კიდევ უფრო მეტად დაგვარწმუნა, რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია," - ამის შესახებ BM.GE-ს ბავშვის სამოსის მწარმოებელი ბრენდ "ნიკოლის" დამფუძნებელმა, ნიკა ნიკოლაშვილმა 2025 წლის გეგმებზე საუბრისას განუცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, დღეს ქვეყანაში შექმნილი ვითარება ყველაზე მძიმედ მცირე და საშუალო ბიზნესებზე, მათ შორის ტანსაცმლის სექტორზე აისახება.
"ვერ ავცდებით იმ გარემოებებს, რაც დღეს არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ამან ჩვენს სექტორზე, მცირე და საშუალო ბიზნესზე, თავისი უარყოფითი გავლენა იქონია. ამ მოვლენებმა კიდევ უფრო მეტად დაგვარწმუნა, რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაც. აქედან გამომდინარე, 2025-ში დავრჩებით აქტიურები ამ მხრივ, რომ კიდევ უფრო მეტი პარტნიორი მოვიძიოთ საექსპორტო ბაზრებზე. ღია ვართ ყველა ქვეყნის ბაზრისთვის, ვცდილობთ, რომ პოტენციურ მყიდველებს შევუქმნათ კომფორტი და პროდუქციის შეძენაში რაღაც ბარიერები არ დავახვედროთ", - განმარტავს ნიკოლაშვილი.
"ნიკოლის" დამფუძნებელს უცხოელ ინვესტორებთან პარტნიორობაზეც ვკითხეთ. როგორც ის აღნიშნავს, ამ მხრივ ტანსაცმლის წარმოებაში სახარბიელო ვითარება არც არასდროს ყოფილა: "ჩვენთვის საინვესტიციო ბაზარი ყოველთვის რთული იყო და ახლაც რთულია. საინვესტიციო გარემო არასდროს ყოფილა სახარბიელო მდგომარეობაში, მით უმეტეს ტრადიციული ბიზნესსექტორის შემთხვევაში, თუ ინოვაციურ ბიზნესებზე ვსაუბრობთ, მაგ დარგებში უკეთესი ვითარებაა, მაგრამ ტანსაცმლის წარმოებაში და მსგავს ბიზნესებში ეს ვითარება საუკეთესო არასდროს ყოფილა".
ნიკოლაშვილი ამბობს, რომ გასულ წელს ბრენდის საცალო გაყიდვები 15%-ით, ხოლო კორპორაციული - 20%-ით გაიზარდა, თუმცა სექტორის მოლოდინი უფრო მაღალი იყო, რომ არა არსებული ვითარება.
"[პოლიტიკურ პროცესებს] გაყიდვების მიმართულებით თავისი გავლენა აქვს. სამწუხაროდ რეალობა ასეთია, რომ მოსახლეობა მეტად თავშეკავებულია შოპინგის და ზედმეტი ხარჯების მხრივ. ჩვენს ქვეყანაში ჩაცმა პირველადი მოხმარების საგნად აღარ აღიქმება და ფუფუნებად არის ქცეული. შესაბამისად, მსგავსი არაპროგნოზირებადი გარემოებები და არასტაბილურობა ნათლად ისახება და პირდაპირ მოქმედებს მოდის სფეროზე.
წარმოების მიმართულებით კი გამოწვევად რჩება კადრების დეფიციტი, ეს ტენდენცია კადრების გადინებისა პრობლემად რჩება", - ამბობს ნიკა ნიკოლაშვილი.
საბავშვო სამოსის მწარმოებელი "ნიკოლი" ადგილობრივ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და 1-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ქმნის სამოსს. კომპანია თბილისში სამი და ბათუმში ერთი ფილიალითაა წარმოდგენილი.