მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლიციამ მესტიაში კიდევ 76 „მაინერი“ ამოიღო

მაინერი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, დამატებით 76 კრიპტოვალუტის მწარმოებელი მოწყობილობა, ე.წ. მაინერი ამოიღეს.

უწყების ცნობით, ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებს მესტიაში ჯამში უკვე 330 „მაინერი“ აქვთ ნივთმტკიცებად ამოღებული.

შსს-ს ინფორმაციით, ადგილობრივები ამ მოწყობილობების საშუალებით სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას. უწყება ამტკიცებს, რომ აღნიშნული პროცესი დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარების ხარჯზე ხდებოდა.

„სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით“, - აცხადებენ შსს-ში.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ელექტრო ან თბოენერგიით, გაზით, წყლით ან კანალიზაციით უკანონო სარგებლობას გულისხმობს, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.

დანაშაული სასჯელის სახედ 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

bm.ge-მ არაერთხელ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვით, რამდენი ადამიანია დაკავებული ან ბრალდებული აღნიშნული დანაშაულისთვის, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები