შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა 39.4-მილიონიანი ტენდერი 2025 წლის განმავლობაში პოლიციელებისა და შსს-ს სისტემაში დასაქმებული სხვა პირების ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შეძენისთვის.
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, შსს-ს სისტემაში 31,447 ადამიანი არის დასაქმებული, თუმცა ასევე ათასობით ადამიანი არის დასაქმებული შსს-ს სხვადასხვა სსიპ-შიც. სადაზღვევო მომსახურება მოიცავს როგორც ჯანმრთელობის, ასევე სიცოცხლის დაზღვევის და საოჯახო დაზღვევის პაკეტებს.
"მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ: 2019, 2020. 2021, 2022, 2023 და 2024 წლების განმავლობაში (6 წლის განმავლობაში ჯამურად) სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე (სახ. სადაზღვევო პროგრამების გარეშე) გამომუშავებული პრემია და ანაზღაურებული ზარალი ჯამში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 11 500 000 (თერთმეტი მილიონ ხუთასი ათასი) ლარს.
ვინაიდან წინამდებარე ტენდერით ხდება, სამედიცინო (ჯანმრთელობის) და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების შესყიდვა, პრეტენდენტების ფასი დამოკიდებულია კომპანიის შიდა პოლიტიკაზე, მათ გამოცდილებასა და პორტფელზე. ამასთან ზარალის/მოგების განსაზღვრა დამოკიდებულია შემთხვევით სიდიდეზე (სადაზღვევო შემთხვევების რაოდენობაზე), რისი წინასწარ დათვლაც ფაქტობრივად შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია ანალოგიური შესყიდვის გამოცდილების გათვალისწინება, ვინაიდან წინამდებარე პროექტი სხვა შემსყიდველი ორგანიზაციების შესყიდვისგან განსხვავდება, მიმართვიანობით და დაფარვით, ასევე რისკიანობის მაჩვენებლითაც. ამასთან, სადაზღვევო მომსახურება წარმოადგენს ლიცენზირებად საქმიანობას და პრეტენდენტები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულნი არიან საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე გააჩნდეთ გარკვეული ოდენობის საწესდებო კაპიტალი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, წინამდებარე ტენდერში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება არ მოითხოვება,"- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ტენდერში კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარდგენა 21 ოქტომბრამდე შეეძლებათ.