მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლონეთი უკრაინას Starlink-ის გამოყენების ხარჯებს კვლავ დაუფარავს

musk

პოლონეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინაში მოქმედი Starlink-ების გამოყენების ხარჯების დაფარვა განაგრძოს. აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდგომ პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის დაპირისპირებულმა პარტიებმა პოზიციების შეჯერება და ისეთი დოკუმენტის შედგენა მოახერხეს, რომელსაც ხელს ორივე მხარე მოაწერდა. არსებული ინფორმაციით, უკრაინაში Starlink-ის 30,000-ზე მეტი მიმღებია განთავსებული, რაც სამედიცინო დაწესებულების, სკოლებისა თუ სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას ხელს უწყობს. სატელიტური ინტერნეტ-სერვისი აქტიურად გამოიყენება იმ რეგიონებშიც, სადაც ფრონტის ხაზი გადის.

ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა პოლონურ მხარეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ Starlink-ის ინტერნეტზე წვდომის შენარჩუნება მიმდინარე ომის პირობებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მისი დამსახურებით უკვე უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.

ცნობისთვის, უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ პოლონეთში შიდა დაპირისპირება რამდენიმე კვირა გრძელდებოდა. პრეზიდენტი აცხადებდა, რომ აქამდე არაერთგზის გამოყენებულ პაკეტს ხელს არ მოაწერდა, რადგან ის უკრაინელებს პოლონელებზე უპირატეს პოზიციაში აყენებდა. საუბარი შეეხებოდა დევნილებისთვის დაფინანსების გამოყოფას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი პოლონეთში დასაქმდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ Starlink-ის საკითხი დავის საგანი არ გამხდარა, თუმცა რადგან ერთიანი პროექტის ნაწილი იყო, მისი დამტკიცება სხვა საკითხებზე პოზიციების შეჯერებამდე ვერ მოხერხდა. ამ მოცემულობით, უკრაინაში მოქმედი Starlink-ების ხარჯების დაფარვას პოლონური მხარე 2026 წლის ბოლომდე გააგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები