მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი გახსნა და მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

ბელარუსი

პოლონეთმა ბელარუსთან ორი სასაზღვრო პუნქტი გახსნა და თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელარუსის ტერიტორია დაუყოვნებლივ დატოვონ - ამის შესახებ ინფორმაცია მინსკში პოლონეთის საელჩომ გაავრცელა.

ამჟამად, სამგზავრო და სატვირთო მოძრაობისთვის მხოლოდ ტერსპოლ-ბრესტის და კოროშჩინ-კოზლოვიჩის სასაზღვრო გამშვები პუნქტებია გახსნილი.

პოლონეთის საელჩომ ხაზი გაუსვა, რომ, მზარდი დაძაბულობისა და რეგიონში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების და პოლონეთის მოქალაქეთა გახშირებული დაპატიმრების ფონზე, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს კატეგორიულად ურჩევს, თავი შეიკავონ ბელარუსში მოგზაურობისგან.

"უსაფრთხოების მდგომარეობის უეცარი გაუარესების, საზღვრების დახურვის ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში, ევაკუაცია შეიძლება მნიშვნელოვნად გართულდეს ან შეუძლებელიც კი გახდეს. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფ პოლონეთის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა არსებული კომერციული ან კერძო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

პოლონეთმა ბელორუსთან საზღვრები 12 სექტემბერს ჩაკეტა. მიზეზად კი საზღვრის სიახლოვეს მიმდინარე რუსულ-ბელორუსული სამხედრო წვრთნა, “Zapad 2025” დასახელდა.

მანამდე, 10 დეკემბერს, რუსეთმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია; უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო შეტევისას ათამდე რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები