პოლონურმა სამართალდამცავმა უწყებამ დააკავა უკრაინელი მყვინთავი, რომელიც 2022 წელს, გაზის მილსადენის, “ჩრდილოეთის ნაკადის” დაზიანებაშია ბრალდებული. ოფიციალური უწყების განცხადებით, აღნიშნული პირი ვარშავის სიახლოვეს, გერმანელი მოსამართლის მიერ გამოცემული ორდერის საფუძველზე დააკავეს.
ორდერის თანახმად, ვოლოდიმირ ზ. ბრალდებულია “ჩრდილოეთის ნაკადის” მილსადენამდე ასაფეთქებელი მოწყობილობების ჩატანაში. გერმანული სასამართლოს განჩინების თანახმად, ეჭვმიტანილი მყვინთავი მარტო არ მოქმედებდა. მან რამდენიმე პირთან ერთად დაიქირავა იახტა, რათა ასაფეთქებელი ნივთიერებები დანიშნულების ადგილამდე მიეტანა.
ვოლოდიმირ ზ.-ს ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებულისა და მისი მოკავშირეების მიერ მილსადენის დაზიანება დანაშაულად ვერ ჩაითვლება, რადგან ის რუსეთის საკუთრებაში იყო, ომის მიმდინარეობისას კი უკრაინულ მხარეს მსგავსი ნაბიჯის გადადგმის ლეგიტიმური უფლება ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული გერმანულ მხარეს უახლოეს დღეებში გადაეცემა.




























