აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, 15 ნოემბრის საღამოს უკრაინის საზღვრიდან 6.4 კილომეტრით დაშორებულ პოლონურ რეგიონ დოლხობიჩუვში ჩამოვარდნილი რაკეტა, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სავარაუდოდ, რუსულ შეიარაღებულ ძალებს არ გაუსვრიათ.
Reuters-ის ინფორმაციით, G20-ის შეხვედრაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ პოლონეთში ჩავარდნილი რაკეტა, სავარაუდოდ, უკრაინელმა თავდაცვის ძალებმა გაისროლეს რუსული იერიშის მოსაგერიებლად, თუმცა ფრენის პროცესში რაკეტას ტრაექტორია შეეცვალა და ის შემთხვევით მეზობელ სახელმწიფოში ჩავარდა.
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია თუ ვინ ისროლა რაკეტა, თუმცა პირველადი დაკვირვების საფუძველზე ირკვევა, რომ რაკეტა რუსული წარმოებისაა. აღსანიშნავია, რომ რუსული წარმოების რაკეტები უკრაინის შეიარაღებული ძალების არსენალშიც მრავლადაა, ამიტომაც ეს ფაქტი არ იძლევა საშუალებას, ზუსტად დადგინდეს, თუ რომელმა მხარემ გაისროლა იგი.
ოფიციალური პოლონეთი აცხადებს, რომ საფუძვლიანი გამოძიება დაწყებულია, თუმცა წინასწარი დაკვირვება იმაზე მიუთითებს, რომ რაკეტა პოლონეთის ერთ-ერთი სოფელში არა მიზანმიმართულად, არამედ შემთხვევით ჩამოვარდა.
"რაც მოხდა, ეს იყო ერთი კონკრეტული ინციდენტი, არავითარი საფუძვლიანი რისკი არ ჩანს იმისა, რომ მსგავსი შემთხვევა მომავალშიც განმეორდეს. ამ ეტაპზე მეტის თქმა რთულია, გამოძიება დაწყებულია.
NATO, რა თქმა უნდა, ყველაფრისთვის მზადაა, ჩვენი თავდაცვის ძალები სრულ მზადყოფნაში არიან. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს საჰაერო ძალებს მოკავშირეების თვითმფრინავებიც შემოუერთდებიან. ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი უნდა შევიკავოთ, ჩვენ მშვიდად და გაწონასწორებულად ვიმოქმედებთ", - განაცხადა დუდამ.
საგულისხმოა, რომ ოფიციალური მოსკოვი მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ იღებს. კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, პოლონეთში რაკეტა რუსულ სამხედრო ძალებს არ ჩამოუგდიათ და აღნიშნული მოვლენა მიზანმიმართული პროპაგანდისა და პროვოკაციის კამპანიის ნაწილია, რომელიც ვითარების ესკალაციას ისახავს მიზნად.
საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, მომხდარი ინციდენტი არ წარმოადგენს NATO-ს კოლექტიური თავდაცვის მექანიზმის, კერძოდ, მე-5 პუნქტის ამოქმედების საფუძველს, რადგან, დიდი ალბათობით, ის არ ყოფილა მიზანმიმართული სამხედრო თავდასხმა და წარმოადგენდა შემთხვევითობას.




























