დღეს საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის "შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ" შეთანხმებას მოეწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
დოკუმენტს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მარიუს მაშკიევიჩმა (Mariusz Maszkiewicz) მოაწერეს ხელი.
აღსანიშნავია, რომ შეთანხმება საქართველოსა და პოლონეთს შორის აქამდე მოქმედ, 2006 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას ჩაანაცვლებს.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ახალ დოკუმენტში რამდენიმე ცვლილება შევიდა, მათ შორის, დივიდენდის, პროცენტის და როიალტის წყაროსთან დაბეგვრის განაკვეთები შემცირდა და ნაცვლად ძველი შეთანხმებით გათვალისწინებული 10%-ისა, 5%-ის ოდენობით განისაზღვრა.
ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულების მიზანია ორ ქვეყნას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვის ხელის შეწყობაა.




























