ქართული დეველოპერული კომპანია "პონტუს დეველოპმენტი" ახალი პროექტის განხორციელებას დედაქალაქში გეგმავს. ამის შესახებ „პონტუსის“ დამფუძნებელმა & მმართველმა დირექტორმა, ირაკლი ვარშალომიძემ BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, პროექტის შესახებ ამ ეტაპზე მთავრობასთან და კერძო კომპანიებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი დედაქალაქში, თბილისში იგეგმება. მოუთმენლად ველოდებით თბილისში ახალი პროექტების შექმნას და ამისთვის ძალიან ახლო მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და მთავრობასთან. განვიხილავთ დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში პროექტირების დადებით და უარყოფით მხარეებს, განვიხილავთ გარე უბნებსაც. შესაბამისად, თბილისი პრიორიტეტთა სიაში პირველია.
ასევე, საქართველო მოთხილამურეებისთვის კარგი ქვეყანაა - ეს ჩვენი სტრატეგიული გეგმის ნაწილია, შუა აღმოსავლეთის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს უყვართ სრიალი და სურთ, ზამთრის კურორტებზე დაისვენონ. შესაბამისად, ვემზადებით იმისთვის, რომ ავითვისოთ არა მხოლოდ ზამთრის კურორტები, არამედ სხვა ქალაქებიც, როგორებიცაა, მაგალითად, ქობულეთი, ქუთაისი და სხვა“, - აცხადებს ვარშალომიძე.
რაც შეეხება Pontus Rotana Resort & Spa Gonio-ს ამ ეტაპზე უკვე სასტუმროს 9 სართულია დასრულებული. როგორც კომპანია „პონტუსის“ მმართველი დირექტორი, ნიკა ბოლქვაძე BMGTV-ს ეთერში აცხადებს, ერთი თვის განმავლობაში ორი სართულის მშენებლობაა გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, სამშენებლო ნაწილის 12 თვეში დასრულება იგეგმება.
„ერთი თვის განმავლობაში ორი სართულის მშენებლობაა გათვალისწინებული, ეს არის ტემპი, რომელსაც ვინარჩუნებთ. შესაბამისად, 12 თვეში სამშენებლო ნაწილი სრულად იქნება დასრულებული და დარჩენილი იქნება ინტერიერზე მუშაობა“, - ამბობს ბოლქვაძე.
ინფორმაციისთვის, გონიოში 5-ვარსკვლავიანი, პრემიუმ კლასის სასტუმრო Pontus Rotana Resort & Spa Gonio შენდება, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე დიდი სასტუმრო იქნება. სასტუმროს პროექტის მართვას საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ბრენდი Rotana ახორციელებს, მისი ექსკლუზიური პარტნიორი კი, ქართული დეველოპერული კომპანია "პონტუს დეველოპმენტია".
აღსანიშნავია, რომ კომპანია „როტანამ“ ბიზნესი 32 წლის წინ აბუ - დაბიდან დაიწყო და ახლა უკვე 12 სხვადასხვა ქვეყანაში 77 სასტუმროს აერთიანებენ. ეს რიცხვი კი წლიდან წლამდე იზრდება.
მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: pontus.ge