ქართული დეველოპერული კომპანიის "პონტუსის" მასშტაბური პროექტი - Pontus Rotana Resort & Spa Gonio, რომელსაც არაბეთის გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ბრენდ Rotana-სთან ერთად ახორციელებს, იქნება პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო საქართველოში, კერძოდ კი გონიოში, რომელიც მართული იქნება ისევ და ისევ ბრენდ როტანას მიერ. ეს ბრწყინვალე პროექტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით $100 მილიონ დოლარს მოიზიდავს.
მისი მშენებლობა 2023 წლის სექტემბერში დაიწყო და 2027 წლისთვის უკვე დასრულებული იქნება. სასტუმრო მომავალში მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. ეს იქნება ღია და დახურული საცურაო აუზები, რამდენიმე რესტორანი და ბარი, საკონფერენციო ოთახები და მოსასვენებელი სივრცეები, პანორამული ტერასა, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ ეს იქნება პირველი როტანას ქსელის სასტუმრო კაზინოთი.
"პონტუსის" დამფუძნებელმა, ირაკლი ვარშალომიძემ BMG-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და აღნიშნა, რომ მშენებლობა დათქმულ ვადებში მიმდინარეობს.
"ორი წლის წინ, როცა პროექტი დავიწყეთ, მაშინ უკვე გაცხადებული გვქონდა ჩვენ ვადები, თუ როდის დასრულდებოდა სასტუმროს მშენებლობა და ეს არის 2027 წელი. დღეის მდგომარეობით, მონოლითური სამუშაოების 80% უკვე დასრულებულია და პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს შიდა მოპირკეთების სამუშაოები.
ბევრი სხვადასხვა ჯგუფი მუშაობს, მათ შორის არქიტექტორები, ინჟინრები, დიზაინერები და პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ გაცხადებულ ვადებს, რაც თავიდან გვქონდა, მივყვებით და 2027 წელს შავი ზღვის სანაპიროს გონიოში დაემატება 546 უნიკალური ხუთვარსკვლავიანი ნომერი და ძალიან ბევრ საინტერესო ღონისძიებას და ტურისტს უმასპინძლებს ეს ობიექტი", - განაცხადა ვარშალომიძემ.
პროექტით უამრავი ადამიანი დაინტერესდა მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნიდან. მათთვის საქართველო საინტერესო ლოკაციას წარმოადგენს ინვესტიციისთვის. კომუნიკაცია პონტუსის წარმომადგენლებსა და ინვესტორებს შორის თითქმის ყოველთვის დადებითად მიმდინარეობს. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ უკვე მეორე წელია კომპანია მათთვის რამდენიმედღიან ღონისძიებას მართავს და შარშანდელთან შედარებით წელს ინვესტორების სამჯერ მეტ რაოდენობას უმასპინძლეს.
2025 წლის საოცრად დადებითი დღეებიც ვახშმით დაიწყო და უამრავი ქართული კულტურისა და ტრადიციისთვის დამახასიათებელი აქტივობით წარიმართა. ყოველი შეხვედრა იმით არის გამორჩეული, რომ ისინი გარკვეულწილად ერთმანეთს ჰგავს, თუმცა მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან. ამის მიზეზი კი საქართველოა, მისთვის დამახასიათებელი უამრავი დეტალით, რომელიც მრავალფეროვნებით ყველას თავბრუს ახვევს. მისი ამოწურვა ძალიან რთულია, შესაბამისად, "პონტუსიც" ამას თავის სასიკეთოდ იყენებს და სტუმრებს ყოველ წელს უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.
მშენებლობის ტერიტორიის მონახულება, მთის ხედებით ტკბობა, ჩურჩხელების ამოვლება, მარათონი და მარათონის გამარჯვებულებისთვის განკუთვნილი საგზურები, ეს მცირედია იმ სიიდან, რასაც კომპანია აკეთებს თავისი ერთგული პარტნიორებისთვის.
ამ შეკრებას Rotana-ს კორპორაციული განვითარების დირექტორი ფარჰან შუბაიალათიც დაესწრო, მან გაგვიზიარა თუ რამდენად მნიშვნელოვანია "როტანას" პარტნიორობა Pontus-თან და რამდენად იმედის მომცემია მიმდინარე პროექტი გონიოში. მისი თქმით, სასტუმროს ლოკაცია განსაკუთრებულია, რადგან ახლოსაა აეროპორტთან და ამავდროულად არ არის ქალაქს დაშორებული, რაც სტუმრებისთვის კომფორტულია. გარემო ზღვა და მთები კურორტისთვის იდეალურ პირობებს ქმნის.
“გვახარებს პონტუსის პოზიციაც, მადლიერები ვართ, რომ სწორედ ისინი არიან ჩვენი პარტნიორები და ეჭვიც არ გვეპარება, რომ წარმოუდგენელ შედეგს დადებენ. ეს უნიკალური პროექტია, პირველ რიგში ლოკაცია, რომელიც უნიკალურია იმით, რომ ახლოსაა აეროპორტთან და არ არის ქალაქს დიდად დაშორებული. გარემოც იდეალურია ზღვითა და გარშემო მთებით, სწორედ ესაა კურორტი, ანუ ის, რაც მოიზიდავს ვიზიტორებს. სხვა ბენეფიტებს, რაც შეეხება სასიხარულოა, რომ გვაქვს თავდაჯერებულობის საშუალება, რადგან პროფესიონალებით დატვირთული სამენეჯმენტო კომპანია გვიდგას გვერდში. იგივე საერთაშორისო ბრენდი "როტანა". სხვა სარგებელს რაც შეეხება, ეს არის გადასახადები და ტურიზმის ინდუსტრია, რომლის ნამდვილი ბუმიცაა საქართველოში.“
ის ასევე ხაზს უსვამს ფაქტს, რომ საქართველოში ტურიზმის მაჩვენებლები საკმაოდ დამაიმედებელია - 2024 წელი ვიზიტორთა რაოდენობით რეკორდული გამოდგა და 7 მილიონს გადააჭარბა, რაც 2023 წელთან შედარებით დიდი წინსვლაა. მისი თქმით, განსაკუთრებით შეიმჩნევა ზრდა ისეთ ბაზრებიდან, როგორიცაა ინდოეთი, ჩინეთი და ახლო აღმოსავლეთი, რაც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო ამყარებს.

„ეს ჩვენი პირველი პროექტია, თუმცა ამავდროულად პონტუსთან ერთად თვალყურს ვადევნებთ სხვა პროექტებსაც. ასე, რომ საქართველოში მეტი პროექტის განხორციელება გვსურს", - აცხადებს ფარჰან შუბაიალათი.
BMG-სთან საუბრისას "პონტუსის" დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი ვარშალომიძემ განაცხადა, რომ პროექტის შედეგად, საქართველოში $100 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. მისი აზრით ეს საკმაოდ დიდი რიცხვია როგორც მათი კომპანიისთვის, ასევე საქართველოს ეკონომიკისთვისაც.
ამ მნიშვნელოვანი დღეების გამზიარებელი პროექტ Pontus Rotana-ს ერთ-ერთი ინვესტორი და დოჰას სასტუმროს ერთ-ერთი გენერალური მენეჯერიც ერიკ გულუტაც იმყოფებოდა და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე ის პროექტს საოპერაციო კუთხითაც აკვირდებოდა. ეს ის მნიშვნელოვანი დეტალები იყო თუ როგორ უნდა მოხდეს ობიექტის მართვა, თანამშრომლების აყვანა, სხვადასხვა დეპარტამენტის ფორმირება და, რაც ყველაზე მთავარია, საბოლოო ჯამში აქცენტები რომელ ქვეყნებზე, როგორი ტიპის ტურისტებზე უნდა გაკეთდეს.
BMG-ის ეთერში ირაკლი ვარშალომიძემ კომპანიის სამომავლო გეგმებიც დააანონსა. მისი ცნობით, Rotana-სთან ერთად ქვეყანაში, სავარაუდოდ, კიდევ ორი პროექტი განხორციელდება.
"დღეს "როტანას" წარმომადგენელი იმყოფება ბათუმში, რომელიც ჩამოვიდა ორი ხელმოწერილი კონტრაქტით და ხვალ, მეც მოვაწერ ამ კონტრაქტს ხელს და საქართველოში გვექნება როტანას კიდევ ორი სასტუმრო. დღეს არ მაქვს ჯერ შესაძლებლობა, რომ დეტალურად ვისაუბრო ამ პროექტებზე, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ეს გასცდება შავი ზღვის სანაპიროს და კავკასიის მთებისკენ მივდივართ, სადაც ვფიქრობ, გამორჩეული და უნიკალური სასტუმრო გაკეთდება", - განაცხადა ირაკლი ვარშალომიძემ.
ასეთი მასშტაბური პროექტები სტრატეგიულად მნიშვნელოვანია აჭარის განვითარებისთვის. ისინი არა მხოლოდ იზიდავენ უცხოურ ინვესტიციებს და ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, არამედ აძლიერებენ ბათუმის, როგორც საქართველოს წამყვანი და შავი ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტის პოზიციას.
Rotana-ს მიერ მართული 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს დამატება რეგიონის კურორტული ინფრასტრუქტურის სტანდარტს ამაღლებს და მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ტურისტებისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, რადგან სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა სწრაფად იზრდება. ამ რეგიონის სტუმრებისთვის ნაცნობი საერთაშორისო ბრენდი, მომსახურების მაღალი სტანდარტები და ზღვისა და მთის კომბინაცია დასვენების იდეალურ პირობებს ქმნის.
ამრიგად, Pontus Rotana Resort & Spa Gonio არა მხოლოდ უნიკალური სასტუმროს პროექტი, არამედ კურორტული ტურიზმის მამოძრავებელი ძალაც ხდება, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე ხარისხისა და ნდობის ახალ სტანდარტებს დაამკვიდრებს.
"პონტუსისა" და "როტანას" პარტნიორობა კი გრძელდება, ასე რომ მომავალში უფრო მეტ საინტერესო პროექტს ვიხილავთ.




























