გერმანული ავტომწარმოებელი გიგანტი, Porsche ელექტრომობილებში ბენზინის ძრავების ჩაყენებას გეგმავს. საწყის ეტაპზე, განახლებული სტრატეგია ახალი თაობის Macan-ს შეეხება, რომელიც საშუალო ზომის SUV-ია და ბაზარზე მხოლოდ ელექტრონული ვერსიით არის ხელმისაწვდომი. როგორც ჩანს, Macan EV-ის გაყიდვების დინამიკამ აჩვენა, რომ მომხმარებლებს შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილები სურთ, განსაკუთრებით დამუხტვადი ჰიბრიდები, სწორედ ამიტომ, გერმანელი ინჟინრები ამჟამად ახალი Macan-ის სისტემაში ბენზინზე მომუშავე აგრეგატის ჩაშენების გეგმაზე მუშაობენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჰიბრიდიზაციის სტრატეგია მომავალში, შესაძლოა, Taycan-ზეც გავრცელდეს და ახალი თაობის Cayman-სა და Boxster-ზე, რომლებიც საწყის ეტაპზე ელექტრონული ვერსიით იქნებიან წარმოდგენილნი.
ამასთან, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამუდამოდ განდასტურებულია 2030 წლის გეგმა, რომელიც Porsche-ს მიერ გაყიდული ავტომობილების 80%-ის ელექტრიფიკაციას მოიცავდა. ფაქტია, რომ საბაზრო დინამიკის გათვალისწინებით, ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნება, რადგან ელექტრომობილებზე მოთხოვნა ისეთი მაღალი არ არის, როგორც ეს კანონმდებლებსა და ინვესტორებს 5 წლის წინ წარმოედგინათ.
ახალი Macan-ის ბედ-იღბალს რაც შეეხება, ავტომობილის უახლეს თაობა, როგორც ვთქვით, 100%-ით ელექტრონულია და მისი ჰიბრიდად გადაქცევა მარტივი ვერ იქნება, რადგან მისი ძარა და პლატფორმა EV-ზეა გათვლილი. შესაბამისად, თუკი Porsche-ს მისი ჰიბრიდად გადაქცევა სურს, მაშინ მას ორი გზა რჩება: გენერატორის ტიპის ძრავის ჩაშენება, რომელიც ბატარეის დამუხტვის ფუნქციონალს შეითვისებს და არც უშუალოდ ავტომობილის გადაადგილების; ან ახალი ჰიბრიდული პლატფორმის შექმნა, რომელიც უკეთესი ავტომობილის შექმნას გახდის შესაძლებელს, თუმცა ის კომპანიას გაცილებით ძვირი დაუჯდება, ვიდრე არსებული პლატფორმის მოდიფიკაცია.
აქვე, სტატისტიკაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ. გასულ 2024 წელს Porsche-მ გლობალურად 64,500-მდე Macan-ის გაყიდვა შეძლო, აქედან მხოლოდ 18,300 იყო ელექტრონული, რაც იმით აიხსნება, რომ Macan EV ბაზარზე შემოდგომიდან გამოჩნდა.
რაც შეეხება ელექტრონულ სედანს, კომპანიამ 2024 წელს 21,000-მდე Taycan-ის რეალიზება მოახერხა, რაც წინა წელთან შედარებით 49%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აქ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წლისთვის ბაზარზე განახლებული Taycan-ის ვერსიებს ვიხილავთ, ამიტომ ეს 49%-იანი ვარდნა უფრო მეტად იმით აიხსნება, რომ მომხმარებლებმა ახალი თაობის ელექტრომობილისთვის მოცდა ამჯობინეს, თუმცა გაყიდვების დინამიკა მაინც არ არის ისეთი, როგორსაც Porsche-ს ინვესტორები ინატრებდნენ.
მსოფლიოს მასშტაბით ელექტრომობილებზე მოთხოვნა რომ შემცირებულია, ეს უკვე ახალი ამბავი აღარ არის, სწორედ ამიტომ, Porsche-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მინიმუმ მომდევნო 10 წლის განმავლობაში შიდა წვის ძრავის მქონე მოდელები აწარმოოს, მათ შორის: 911, Panamera, Cayenee და ახლა უკვე, სავარაუდოდ, Macan, Cayman და Boxster-ი.




























