მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Porsche-მ Bugatti Rimac-ის წილი სრულად გაყიდა

Bugatti Tourbillon

ავტოინდუსტრიის გერმანულმა გიგანტმა, Porsche AG-მ Bugatti Rimac-ში კუთვნილი 45%-იანი წილის გაყიდვის შესახებ განაცხადა. ამასთან, კომპანიამ Rimac Group-ში არსებული 20.6%-იანი წილიც გაასხვისა. როგორც ირკვევა, მისი აქტივების HOF Capital-ის მიერ მართულმა კონსორციუმმა შეისყიდა.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური ტრანზაქციის დეტალები არ გასაჯაროებულა, თუმცა ირკვევა, რომ ეს შეთანხმება Porsche AG-ს სტრუქტურულ რეორგანიზაციასთანაა დაკავშირებული.

კერძოდ, აქტივების რეალიზაცია აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფებითა და ჩინეთის ბაზარზე მოთხოვნის შემცირებით აიხსნება. არსებული ინფორმაციით, Porsche-ს ამჟამად ძირითად ბიზნესზე ფოკუსირება და მოგების მარჟის შენარჩუნება სურს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხაელ ლაიტერსმა განაცხადა, რომ Porsche-ს მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა "სამწუხარო, თუმცა აუცილებელი იყო". მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გარიგების დასრულების შემდეგ Bugatti Rimac-ზე სრულ კონტროლს Rimac Group-ი დაამყარებს. აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე Porsche-ს აქციების ფასი 1.6%-ით შემცირდა.

გარიგების ფარგლებში, Rimac Group-ის დამფუძნებელი, მათე რიმაკი Bugatti-ს ბრენდის განვითარებაზე ახალ სტრატეგიულ პარტნიორებთან, BlueFive-თან და HOF Capital-თან ერთად იმუშავებს. ახალი ინვესტორები პირობას დებენ, რომ ლეგენდარული ბრენდის მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და მის შემდგომ ზრდაზე იზრუნებენ.

აღსანიშნავია, რომ მათე რიმაკიი Bugatti Rimac-ში წილის გამოსყიდვით გასულ წელსაც ინტერესდებოდა. ის მოლაპარაკებებს Porsche-სთან მართავდა, თუმცა მაშინ მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, იმ პერიოდში ერთობლივი საწარმო €1 მილიარდად ($1.1 მლრდ.) ფასდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები