გერმანული ავტომწარმოებელი გიგანტის, Porsche-ს აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას ტოვებს. 57 წლის ოლივერ ბლუმი, რომელიც ერთდროულად იკავებდა Volkswagen Group-ის და Porsche-ს დირექტორის თანამდებობას, ლეგენდარული ბრენდის წინამძღოლობას ოფიციალურად წყვეტს.
ბლუმმა Porsche-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა 2015 წელს დაიკავა და მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კომპანიას ყველაზე დიდი ზრდა ჰქონდა, თუმცა, როგორც ჩანს, ინვესტორთა საბჭო თვლის, რომ ახლა კომპანიაშია სიახლის დროა.
Porsche-ს განცხადებით, CEO-ს პოზიციაზე ბლუმის ჩამნაცვლებლად მაიკლ ლეიტერსი მოაზრება, რომელიც აქამდე ბრიტანული McLaren-ის დირექტორი იყო და პრემიუმ სეგმენტზე ფოკუსირებული ბრენდების განვითარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
მართალია, კომპანიას დირექტორის გადადგომის მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს ინვესტორების უკმაყოფილებას და პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტს უკავშირდება, რაც Volkswagen Group-ის და Porsche-ს ერთდროული ხელმძღვანელობით არის განპირობებული. ამასთან, ინვესტორები მოითხოვენ, რომ ახალი CEO მხოლოდ ერთ ამოცანაზე იყოს ფოკუსირებული, კერძოდ, Porsche-ს განვითარებაზე. გარდა ამისა, ბლუმს ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების არადამაკმაყოფილებელი შედეგების და ელექტრიფიკაციის მიმართულებით არაოპტიმალური სტრატეგიის არჩევის გამოც ადანაშაულებენ.




























