მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Porsche ტაილანდში ულტრა ძვირად ღირებულ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს

Porsche Design Tower Bangkok

ლეგენდარული გერმანული ავტომწარმოებელი, გერმანული Porsche, რომელიც ავტომობილების, იახტების და ველოსიპედების საწარმოო ხაზის გარდა დიზაინის სტუდიასაც ფლობს, უძრავი ქონების ბიზნესში ფართოვდება. საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრისთვის გერმანულმა კომპანიამ, ამჯერად, ტაილანდის დედაქალაქის, ბანკოკის ბაზარი აირჩია, სადაც ტაილანდურ დეველოპერულ კომპანიასთან, Ananda Development-თან თანამშრომლობით 21-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. კომპლექსი პრემიული იქნება — აპარტამენტების ფართობი 525-დან 1,135 კვადრატულ მეტრამდე, ფასები კი $15 მილიონიდან $40 მილიონამდე მერყეობს. პროექტი 2028 წელს დასრულდება, ხოლო აპარტამენტების უდიდესი ნაწილი უკვე გაყიდულია.

ბანკოკი, სადაც დაახლოებით თერთმეტი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ბოლო პერიოდში, უძრავი ქონების დეველოპერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველ დანიშნულებად იქცა აზიურ ქალაქებს შორის, რაც იქ არსებულ შედარებით იაფ ფასებს უკავშირდება. გერმანული Porsche-ს გარდა, ბოლო წლებში ბანკოკში პრემიული სეგმენტის საცხოვრებელი კომპლექსები The St. Regis-მა, Ritz-Carlton-მა, Four Seasons-მა, Banyan Tree-მ და Mandarin Oriental-მა ააშენეს, რაც გლობალური კომპანიების მხრიდან მზარდ ინტერესზე მიუთითებს. გასულ წელს, პრემიული აპარტამენტების გაყიდვებმა ბანკოკში 25%-ით იმატა, ხოლო ბაზრის ზომამ $2.2 მილიარდი შეადგინა. მყიდველებს შორის, უმეტესწილად, რუსებს და ჩინელებს ვხვდებით.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ბანკოკის Porsche Design Tower-ი ამ ტიპის პირველი პროექტია, რომელიც გერმანულმა კომპანიამ აზიაში ახორციელებს. თუმცა უძრავი ქონების ბაზარი Porsche-სთვის ახალი სულაც არ არის, პირიქით — ამ მიმართულებით გერმანულ კომპანიას არაერთი პროექტი განუხორციელებია, როგორც ფლორიდის დედაქალაქ მაიამიში, ასევე მშობლიურ შტუტგარტში. Porsche Design-ის უძრავი ქონება გამოირჩევა მისი ფუნქციური დიზაინით, ტექნიკური ინოვაციით და გემოვნებით, რაც, პრინციპში, ის თვისებებია, რომელთა გამო ავტოენთუზიასტები Porsche-ს ავტომობილებს ყიდულობენ.

Porsche Design-ის გამორჩეულ პროექტებს შორის აუცილებლად უნდა ვახსენოთ მაიამიში მდებარე 60-სართულიანი ცათამბჯენი, რომელიც გერმანულმა კომპანიამ 2017 წელს ააშენა, Dezer Development-თან პარტნიორობით. ცილინდრის ფორმის ამ შუშის ცათამბჯენში 132 აპარტამენტს ვხვდებით და თითოეული მათგანი აღჭურვილია კერძო ავტოფარეხით, სადაც მცხოვრები სპეციალური ლიფტის საშუალებით ხვდება. ეს ლიფტი თითოეულ ბინას უკავშირდება და თან, ერთგვარ საგამოფენო სივრცეს წარმოადგენს, სადაც კომპლექსში მცხოვრებს მისი ძვირად ღირებული ავტომობილის ჩვენება შეუძლია. ეს ფუნქციონალი, სხვათა შორის, Porsche Design Tower Bankok-შიც არის შენარჩუნებული, რადგან ეს გერმანული კომპანიის და ამ ტიპის უძრავი ქონების მთავარი ნოუჰაუა.

საინტერესოა, რომ Porsche-სთან ერთად, ძვირად ღირებული უძრავი ქონების ბაზარზე სხვა პრემიულ ავტომწარმოებელ კომპანიებსაც ვხვდებით, რომლებიც, ამ გზით, შემოსავლის დივერსიფიკაციას და მომხმარებლებისთვის ახალი გამოცდილების შეთავაზებას ახერხებენ. გამორჩეულ პროექტებს შორის აუცილებლად უნდა ვახსენოთ Aston Martin-ის და Bentley-ის მაიამის რეზიდენციები და დუბაიში და აბუ-დაბიში მდებარე არაერთი ულტრა ძვირად ღირებული პროექტი, რომელთა განმახორციელებლებს შორის Bugatti, Maserati, Lamborghini, Ferrari და Pagani არიან. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დროსთან ერთად, ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაღრმავდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები