მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პორტებში გემების მიერ წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება - კანონპროექტი

გემი

საქართველოს პორტებში მოძრაობის წესების, ასევე უსაფრთხოების ნორმებისა და ზღვის დაბინძურების ფაქტებზე ჯარიმები მკაცრდება - ამას ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის განხილვაც პარლამენტში დღეს იწყება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, წარდგენილი ცვლილებები თანხვედრაშია 2018 წლის 31 დეკემბერს მიღებულ დადგენილებასთან, რომელიც საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოში მდებარე ნავსადგურების უშიშროების წესებს განსაზღვრავს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები არამხოლოდ გემების, არამედ ნავსადგურების ოპერატორების პასუხისმგებლობასაც შეეხება, რათა მათ სივრცეში უსაფრთხო საზღვაო მიმოსვლა იყოს გარანტირებული. ამ წესების დარღვევისთვის კი ჯარიმები პორტებისთვისაც არის განსაზღვრული.

ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 114-ე მუხლში, რომელიც ამჟამად 5 პრიმა მუხლისგან შედგება, კანონში შესატანი ცვლილებებით თითქმის ყველა მიმართულებით ორმაგდება ჯარიმის ზედა ჭერი, ხოლო პრიმა მუხლების რაოდენობა 5-დან 16-მდე იზრდება შესაბამისად ფართოვდება იმ დარღვევათა არეალი, რომლისთვისაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება.

მაგალითად, ამჟამად საზღვაო ნავსადგურში დატვირთვის, გადმოტვირთვისა და ტვირთის დაწყობის წესების დარღვევა 5,000 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს, კოდექსში შესატანი ცვლილებებით კი 10,000 ლარის ჯარიმა განისაზღვრება. ასევე მკვეთრად ფართოვდება სხვა დარღვევების ჩამონათვალიც, რომლისთვისაც ჯარიმებია დაწესებული.

კანონპროექტის ინიციატორია ეკონომიკის სამინისტრო, ხოლო ავტორი კი ამავე სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები