მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პორტუგალია, ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი - ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

ცეცხლი

ევროპის მასშტაბით მაღალი ტემპერატურით გამოწვეულ ტყის ხანძრებს კვლავ ებრძვიან - ცეცხლის კერები პორტუგალიაში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ბულგარეთშიც გაჩნდა.

პორტუგალიური მედიის თანახმად, ლისაბონის მახლობლად გაჩენილი ხანძრის შედეგად 14 ადამიანი, მათ შორის 11 მეხანძრე, სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. Euronews-ის ინფორმაციით, ხანძრის ჩასაქრობად საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივმა უწყებამ 300-მდე მეხანძრე, 93 სახანძრო მანქანა და 8 ვერტმფრენი გამოყო.

განსხვავებით პორტუგალიისა, სადაც ხანძრის ლიკვიდირება რამდენიმე საათში შეძლეს, ჩრდილოეთ მაკედონიაში ცეცხლის კერებს ორი კვირაა, ებრძვიან. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია ქალაქებს - სტიპსა და ნეგოტინოს შორის ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლი 30 კმ-ზე გავრცელდა. გარდა ადგილობრივი უწყებებისა, ჩრდ. მაკედონიაში ცეცხლის ლიკვიდირებისთვის მძიმე ტექნიკა, სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში, ევროკავშირმაც გამოყო.

ბულგარეთში, ბოლიაროვოს მუნიციპალიტეტში, რომელიც თურქეთს ესაზღვრება, მეხანძრეები მაღალი ტემპერატურის გამო გაჩენილ ცეცხლს შვიდი დღის განმავლობაში ებრძოდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი 73 კმ-ზე გავრცელდა და სოფელ ვოდენში რამდენიმე სახლზეც გადავიდა.

მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო, ვოდენში სიტუაცია რთულად სამართავია - ადგილზე, ცეცხლისგან დაზარალებული მცხოვრებლებისთვის მობილური სახლები მოეწყობა.

ტყის ხანძრები ბულგარეთისა და საბერძნეთის საზღვარზეც ვრცელდება, რაზეც მონიტორინგს ორივე მხარე ახორციელებს. მიმდინარეობს ცეცხლის გავრცელების პრევენციის სამუშაოებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები