პორტუგალიამ ქარის ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის გასაცემად, პირველი აუქციონის მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაიწყო. ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ქარის ელექტროსადგურების ასაშენებლად კომპანიების განცხადებებს ქვეყნის შესაბამისი უწყება 14 ნოემბრამდე მიიღებს.
აუქციონის პირველ ეტაპზე, დაინტერესებული კომპანიები საკუთარ გეგმებს წარადგენენ, სადაც განხილული იქნება მათი გამოცდილება ენერგეტიკულ პროექტებში, ტერიტორია, სადაც ქარის ელექტროსადგურებს განათავსებენ, დაფინანსების მოდელი და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები.
სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, ელექტროსისტემის მაქსიმალური დადგმული სიმძლავრე 2 გიგავატი იქნება და ატლანტის ოკეანის სანაპიროს გასწვრივ, სამ სხვადასხვა მონაკვეთზე განთავსდება.
პორტუგალიას უკვე აქვს მცირე ზომის, 25 მეგავატიანი მოტივტივე ელექტროსადგური, რომელიც პორტუგალიურ-ფრანგული კომპანია Ocean Winds-ის საკუთრებაა.