პორტუგალიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პროექტს, რომელიც 13-დან 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას ეხება. კერძოდ, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში მყოფ არასრულწლოვნებს საკუთარ მედია პლატფორმებზე შესვლა მშობლების თანხმობის გარეშე არ შეეძლებათ. 148 ხმით 69-ის წინააღმდეგ მიღებული კანონპროექტი მიზნად მოზარდების სოციალური ქსელებიდან მომავალი საფრთხეებისაგან, კიბერბულინგისა და ონლაინ-თაღლითებისა თუ პედოფილებისგან დაცვას ისახავს.
არსებული ინფორმაციით, კანონის აღსასრულებლად პორტუგალია გამოიყენებს ადგილობრივად შექმნილ “ციფრული ტელეფონების გასაღების” სისტემას, რომელიც გულისხმობს კონკრეტულ სოცანგარიშებზე მოზარდების შეშვებისთვის მშობლების დასტურის მიღებას. მარტივად რომ ვთქვათ, თუ მშობლის ტელეფონიდან ნებართვა არ გაიცემა, არასრულწლოვნის ტელეფონში სოციალური ქსელი არ გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ დამატებითი უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობა გასართობი პლატფორმების შემქმნელ საერთაშორისო ტექგიგანტებს, Meta-ს, ByteDance-სს, Alphabet-სა და სხვა კომპანიებს ავალდებულებს, რომ ვერიფიკაციის თავისი სისტემაც ჩააშენონ, რათა ადგილობრივი სისტემისგან გვერდის ავლის შემთხვევაშიც კი, მოზარდებს სოცქსელებზე წვდომა არ ჰქონდეთ. თუ აღნიშნული კომპანიები მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ, მათ ჯარიმის სახით გლობალური შემოსავლების 2%-ის გადახდა მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალია ევროპაში ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც 13 წლამდე მოზარდებისთვის უკვე სრულად აკრძალა სოციალურ ქსელებზე წვდომა. შესაბამისად, ამ ნაბიჯით ოფიციალური ლისაბონი კონტროლის მექანიზმების მეტად გამკაცრებას ცდილობს. შეგახსენებთ, მოზარდებისთვის შეზღუდვების დაწესებაზე აქტიურად მუშაობენ საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში და ევროპის სხვა არაერთ სახელმწიფოში. აქვე უნდა ითქვას, რომ რეგულაციების დაწესების მხრივ მსოფლიოში პირველი ქვეყანა ავსტრალია იყო, სადაც კანონი ძალაში 2025 წლის ბოლოს შევიდა და მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ არაერთი ქვეყანა შთააგონა.



























