მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პორტუგალიის უმსხვილესი ბანკი რუსეთის მოქალაქეების ანგარიშებს იძულებით ხურავს

პორტუგალია

პორტუგალიის უმსხვილესმა სახელმწიფო ბანკმა, Caixa Geral de Depositos-მა, რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშების იძულებითი დახურვის შესახებ შეტყობინებები გაუგზავნა. არსებული ინფორმაციით, შეზღუდვები ძალაში 2026 წლის 14 აგვისტოდან შევა.

ბანკის გადაწყვეტილებით, ყველა დაკავშირებული მომსახურება გაუქმდება, კლიენტებს კი გამოუყენებელი ჩეკების წიგნაკებისა და საბანკო ბარათების უკან დაბრუნება მოეთხოვებათ. ნაშთის გატანა მომხმარებლებს უშუალოდ საფინანსო ინსტიტუტის ფილიალებში შეეძლებათ.

როგორც ირკვევა, აღნიშნული ზომები ძირითადად რუსეთის იმ მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებსაც პორტუგალიაში ბინადრობის ნებართვა არ აქვთ ან ბანკში საკუთარი სტატუსის შესახებ მონაცემები დროულად არ განაახლეს. ამასთან, შეტყობინებები მიიღეს იმ პირებმაც, რომლებიც ევროპულ კომპანიებში არიან დასაქმებულები ან ადგილობრივ ბინადრობის უფლებას ფლობენ. შეზღუდვების მასშტაბი საკმაოდ დიდია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები და ფინტექ-პროვაიდერები რუსი კლიენტებისგან პორტფელის გაწმენდის პროცესს აქტიურად აგრძელებენ. ანგარიშების მასობრივი დახურვის ტენდენცია მიმდინარე წლის დასაწყისიდან განსაკუთრებით გერმანიის რეგიონულ ბანკებში დაფიქსირდა. ევროპულ ბანკებში რუსული კაპიტალის მიმართ ტოლერანტობის დონის შემცირება, სანქციებისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML/KYC) პროცედურების გამკაცრებით არის განპირობებული.

რაც შეეხება ანგარიშების გაუქმების ძირითად მიზეზებს, სპეციალისტები რამდენიმე ფაქტორს გამოყოფენ. ბანკებისთვის რისკ-ფაქტორად მიიჩნევა რუსეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილები, რუსულ აქტივებთან ან სანქცირებულ პირებთან კავშირი და შემოსავლის წყაროს დაუდასტურებლობა. გარდა ამისა, შეზღუდვები შეეხებათ იმ პირებსაც, რომლებმაც საკუთარი სახსრები პორტუგალიაში დსთ-ის ქვეყნების, კერძოდ სომხეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები