მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უფრო დაბალ ფასიან ღვინოზეა მოთხოვნა - „ნეკრესის მამული"

ნეკრესის მამული

კახეთში მდებარე მეღვინეობა „ნეკრესის მამულის“ დამფუძნებელი, ოთარ ტაბატაძე ამბობს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უფრო დაბალ ფასიან ღვინოზეა მოთხოვნა. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, კომპანიამ წელს ახალი ბაზარი დაიმატა უზბეკეთის სახით, თუმცა როგორც ტაბატაძე ამბობს, ადგილობრივი გადასახადებისა და რეგულაციების გათვალისწინებით, თავდაპირველი ფასი მნიშვნელოვან ცვლილებას დაექვემდებარა.

„თავდაპირველად, ამ ბაზარზე ღვინის ფასი 7 დოლარად განისაზღვრა, რაც მხოლოდ პროდუქტის საბაზისო ღირებულებას მოიცავდა და დამატებით ხარჯებს არ ითვალისწინებდა. თუმცა, ბაზრის დეტალური კვლევის შედეგად გავიაზრეთ, რომ ყველა გადასახადის და ლოგისტიკური ხარჯის ჩათვლით საბოლოო სარეალიზაციო ფასი მნიშვნელოვნად იზრდებოდა. შესაბამისად, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, იძულებულები გავხდით, ფასი დაახლოებით 35%-ით შეგვემცირებინა" , - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის 70% ექსპორტზე რეალიზდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, ლიტვა, ლატვია, სამხრეთ კორეა და უკვე უზბეკეთიც.

ტაბატაძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტის მოცულობა ლიტრაჟის მიხედვით არ შემცირებულა, მაინც შეინიშნება კლება თანხის ბრუნვის მიმართულებით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს საერთაშორისო ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე.

ინფორმაციისთვის, "ნეკრესის მამული" კახეთში მდებარე მეღვინეობაა, რომელიც წლიურად 45 000 ტრადიციულ ღვინოს, ამასთან ცქრიალა ღვინოს და დისტილირებულ პროდუქტებს აწარმოებს. გარდა ღვინის წარმოებისა, "ნეკრესის მამული" სასტუმროსა და რესტორანს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები