საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, 10-12 ოქტომბერს ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ მილანში ყოველწლიურ ავიაფორუმზე - “WORLD ROUTES 2021- საქართველომ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი წარადგინა.
როგორც აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, სამდღიან ფორუმზე აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართა, სადაც განიხილეს საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევები, ასევე აეროპორტების, ავიაკომპანიების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების საქმიანობის წარმოებისა და საჰაერო ტრანსპორტირების ქსელების გაუმჯობესების ხელშეწყობა.
თამარ არჩუაძის ინფორმაციით, რიგით 26-ე ყოველწლიურ საავიაციო ფორუმში, რომელშიც მსოფლიოს 300-ზე მეტი აეროპორტის, ავიაკომპანიის, საავიაციო სფეროსა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით პრეზენტაციები გაიმართა.
“ძალიან ბევრ ავიაკომპანიას შევხვდით. ჩემს გუნდთან ერთად, შევეცადეთ ჩვენი აეროპორტებით დაგვეინტერესებინა არსებული და მომავალი პარტნიორები. პოტენციურ პარტნიორებს ცალკე პროექტად შევთავაზეთ ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი, რათა კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ და ჩვენი აეროპორტის პოტენციალი მაქსიმალურად წარმოვაჩინეთ”, - განაცხადა თამარ არჩუაძემ.
მისივე შეფასებით, მსგავსი ფორუმები გლობალურ საავიაციო ბაზარზე საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის საშუალებას იძლევა.
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მსოფლიო საავიაციო ფორუმში უკვე მეცხრე წელია მონაწილეობს. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელი ავიაციის სექტორისთვის საკმაოდ რთული წელი იყო. კოვიდ პანდემიის გამო, ფრენების აკრძალვასთან ერთად არ გამართულა არც ერთი საავიაციო ფორუმი. WORLD ROUTES 2021 ავიატორებისთვის პანდემიის პირობებში პირველი მასშტაბური პლატფორმა იყო, სადაც შესაძლებლობა გვქონდა პირისპირ განგვეხილა ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები და სიახლეები“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ.