მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოზნერი და მისი თანმხლები პირები ქვეყანაში კანონის სრული დაცვით შემოვიდნენ - ღარიბაშვილი

6065744fa2b4e
ინგა მურუსიძე
01.04.21 11:18
789
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, საქართველოში რუსი პროპაგანდისტის და მისი სტუმრების ვიზიტს გამოეხმაურა.

ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო უწყებებმა გუშინ კანონის სრული დაცვით იმოქმედეს, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიტუაციით ისარგებლა და დესტრუქციული ქმედებები განახორციელა.

„ვლადიმერ პოზნერს, რომელიც ასევე არის აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი „ოკუპაციის შესახებ“. ის ხშირად სტუმრობს საქართველოს აშშ-ის პასპორტით. ეს იყო მისი მორიგი, კერძო ხასიათის ვიზიტი. ამასთანავე, მას და მის თანხლებ პირებს ჰქონდათ ე.წ. კოვიდ პასპორტები და უარყოფითი პასუხები PCR-ტესტზე. ასე რომ, ქვეყანაში შემოვიდნენ სრულიად კანონის დაცვით. რაც შეეხება სტუმრების შეკრებას ერთ-ერთ დაწესებულებაში რეგულაციების გაუთვალისწინებლად, ეს ჩვენთვის მიუღებელია, არის დარღვევა და შესაბამის უწყებებს ჰქონდათ შესაბამისი რეაგირება, დაჯარიმდა როგორც დაწესებულება, ისე ყველა დამრღვევი პირი”, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, გუშინ მთავრობა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დიალოგი შეუძლებელია.

„ჩვენი მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა გუშინ პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ყველაფერი სათავისოდ შემოაბრუნა. სააკაშვილის და ნაცმოძრაობის მიზანია დესტრუქცია და საბოტაჟი, ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, საერთაშორისო ზიანის მიყენება და ეს გააკეთეს მაშინ, როცა ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის. დაუშვებელი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ქმედებები, რაც ცდება სტანდარტებს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნაცმოძრაობა ჩამოყალიბდა აბსოლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად, რომელთანაც დიალოგი შეუძლებელია“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

როგორც ცნობილია, გუშინ რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში სტუმრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად იყო ჩამოსული. ქართველი აქტივისტების პროტესტის გამო, ის იძულებული გახდა თბილისი ვადაზე ადრე, ჩარტერული რეისით დაეტოვებინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები