მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PPA თუ დაბრუნდა, ბირჟის გადავადება ინვესტორებისთვის პრობლემა აღარ იქნება - მარგებაძე

6310c4354b086
მარიამ ვარადაშვილი
03.09.22 16:34
789

მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე აცხადებს, რომ თუ მთავრობა ენერგეტიკის სექტორში გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს [PPA] აღადგენს, ბირჟის ამოქმედების გადავადების უარყოფით ეფექტი ინვესტორებზე შემცირდება.

მარგებაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედების რამდენჯერმე გადადება, ამ სექტორში ინვესტიციებს აფერხებს.

ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში კერძო კომპანიაზე გაიცემა მშენებლობის და ელექტროსადგურის ოპერირების ლიცენზია. ამის სანაცვლოდ, ესკო იღებს ვალდებულებას შეისყიდოს ელექტროენერგიის კონკრეტული, წინასწარ შეთანხმებული მოცულობა, წინასწარ შეთანხმებულ გარანტირებულ ფასად. ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვისა და შენარჩუნების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, თუმცა 2017 წელს IMF-ის რეკომენდაციის შედეგად, საქართველოს მთავრობამ PPA-ზე მორატორიუმი გამოაცხადა.

“თუ მოხდა ისე, რომ PPA მექანიზმით ჰიდროელექტროსადგურის ტარიფი 6 ცენტამდე შენარჩუნდება და ეს მექანიზმი მალე დაბრუნდება, მაშინ ბირჟის ამოქმედების გადავადების პრობლემა ახალ ინვესტორებს აღარ ექნებათ. ჩემი აზრით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რაც ინვესტორების მოსაზიდად უნდა გაკეთდეს. პირველი კითხვა, რაც მათ უჩნდებათ მანამ, სანამ ინვესტიციებისთვის თანხის გენერირებას მოახდენენ, არის შემდეგი: ადგილობრივ მოსახლეობასთან თუ არის პრობლემები და ქსელზე მიერთება სად არის შესაძლებელი? ჩვენ ორივე ამ საკითხში პრობლემა გვაქვს”,- განაცხადა მარგებაძემ “საქმის კურსში”.

ცნობისთვის, ენერგეტიკული ბირჟის სრული ამოქმედება კიდევ ერთხელ გადაიდო. ის 1 სექტემბერს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ვადამ 31 მარტამდე გადაიწია.