მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი მარგებაძე ენერგეტიკულ ბირჟასთან მიმართებით გამოწვევად უბალანსობის საკითხს ასახელებს, რაც ბიზნესს დააწვება პასუხისმგებლობად.
როგორც მან ჟურნალისტებს ენერგეტიკული ბირჟის სრულყოფილ ამოქმედებაზე საუბრისას განუცხადა, საჭიროა შესაბამისი საკითხების გადაჭრა და სათანადო ანალიზი.
"ბირჟას აქვს თავისი ასე ვთქვათ ბნელი მხარე, კონკრეტულად უბალანსობის საკითხია. ჩვენს ქვეყანაში რთულია, ზუსტი პროგნოზი გააკეთო თუნდაც ჰიდროში რა მოდინება გექნება. უბალანსობა გამოწვევაა და გამოდის, რომ გენერაციის გადასახდელი იქნება და ცოტა ფრთხილად უდგება ყველა ამ საკითხს. ვფიქრობ ეს ყველაფერი უნდა მოგვარდეს, დალაგდეს და საბოლოო ჯამში, ბირჟა გასახსნელი იქნება. არ ვიცი, რამდენად სწორია, რომ ეს მოხდეს წელს, ამაზე ფიქრი და გაანალიზებაა საჭირო. მით უმეტეს იმ პერიოდში, როდესაც ვხედავთ, ზოგადად ენერგოკრიზისი როგორი არის ჩვენს რეგიონში",- ამბობს გიორგი მარგებაძე.
ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე მუშაობს. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე. 1 ივლისიდან ვაჭრობა პლატფორმაზე სრულყოფილად უნდა დაიწყოს. დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მოხდება საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობა, ასევე ამოქმედდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი. სამიზნე მოდელში გათვალისწინებულია საათობრივი დაბალანსების ვალდებულებაც.




























