მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Prada-მ Versace შეიძინა - გარიგების ღირებულება $1.38 მილიარდია

Versace

იტალიური მოდის ინდუსტრია დიდი ცვლილების წინაშე აღმოჩნდა. იტალიურმა Prada-მ აგრეთვე იტალიური Versace-ს შეძენა გადაწყვიტა, რაშიც მზადაა $1.38 მილიარდი გადაიხადოს და გარიგების შედეგად მაღალი მოდის წამყვან იტალიურ კონგლომერატად იქცეს. მილანური ჯგუფი, რომელსაც დიზაინერი მიუჩია პრადა და მისი ქმარი, პატრიციო ბერტელი მართავენ, გარიგების დასრულებას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში აპირებენ.

ეს გარიგება პრადას ოჯახის უბის წიგნაკში ოქროს ასოებით ჩაეწერება, რადგან ის კომპანიის 112-წლიან ისტორიაში ყველაზე დიდი ტრანზაქცია იქნება. Prada-სთან ერთად, გარიგება მნიშვნელოვანია თავად Versace-სთვის, რომელიც ამერიკულ Capri Holdings-ში გატარებული რამდენიმეწლიანი პერიოდის შემდეგ მშობლიურ იტალიას უბრუნდება. საინტერესოა, რომ თავად Capri-მ იტალიურ კომპანიაში $1.8 მილიარდი გადაიხადა, ანუ კომპანიამ, გარკვეულწილად, იზარალა.

Versace-ს დამატებით, Prada Group-ი, რომელიც თავად Prada-ს გარდა Miu Miu-ს და Marchesi-ის ბრენდებს ფლობს, ბერნარ არნოს მაღალი მოდის ფრანგული კონგლომერატის, LVMH-ის ღირსეული კონკურენტი გახდება. Prada Group-ის აქტივებს შორის 26 ქარხანას ვხვდებით, რომლებშიც კომპანია 15,200-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს. ჯგუფში შემავალი ბრენდების ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები და აქსესუარები მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მაღალი მოდის ინდუსტრიაში შემდგარი ეს გარიგება გლობალური ვაჭრობისთვის რთულ დროს შედგა, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მსოფლიოს წინააღმდეგ გაჩაღებული სავაჭრო ომითაა გამოწვეული. როგორც ჩანს, მაღალი მოდის იტალიურ სახლში ამერიკული ტარიფების საერთოდ არ ეშინიათ, არადა კომპანიის აქციები ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.

დღეს, Prada-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $15.8 მილიარდია და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა, რომელიც ტანსაცმლის მწარმოებლებს შორის მე-16 ადგილს იკავებს, ფუფუნების საგნების ბაზარზე კი, საერთოდაც, ათეულში შედის. აღნიშნული კომპანია, ისევე, როგორც ფაქტობრივად ყველა სხვა მოდის სახლი მისი დამფუძნებლის, დიზაინერ მარიო პრადას გვარს ატარებს, რომელმაც Prada ჯერ კიდევ 1913 წელს დააფუძნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები