მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრაქტიკა არაა სახარბიელო, პრობლემების არსებობაზე მიუთითებს - ენერგეტიკოსი ქვესადგურის თანადაფინანსებაში ბიზნესის ჩართულობაზე

მურმან მარგველაშვილი

ენერგეტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ბიზნესის ჩართვა "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" არსებულ არაჯანსაღ პროცესებზე მიუთითებს.

საქმე ისაა, რომ ქვესადგურის პროექტს, რომელიც სახელმწიფო კომპანიას უნდა განეხორციელებინა, კერძო სექტორიც დააფინანსებს. ვანო ზარდიაშვილმა და ექვსი კერძო ენერგოკომპანიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, რომელიც ქვესადგური „ურბნისის“ ერთობლივ პროექტირებასა და მშენებლობას ითვალისწინებს.

როგორც ენერგეტიკოსმა მურმან მარგველაშვილმა BMG‑ის განუცხადა, ჩნდება კითხვა, რატომ გახდა საჭირო ქვესადგურის მშენებლობაში კერძო კომპანიების ჩართულობა.

მისი თქმით, ჩნდება კითხვა, ხომ არ მოხდა მსგავსი ინფრასტრუქტურისთვის მშენებლობისთვის გათვალისწინებული თანხების სახელმწიფო საწარმოს მიერ არამართლზომიერი ხარჯვა.

"კერძო კომპანიები ჩაერთვებიან მაღალი ძაბვის ქვესადგურის მშენებლობაში. ეს არ არის მთლად კარგად გასაგები, იმიტომ რომ დეტალებიც დასაზუსტებელია. ის ახალი ამბავი, რომ ამით ელექტროსისტემა დაზოგავს 20 მილიონ ლარს, ეს სასიხარულო იქნებოდა ელექტროსისტემა რომ იყოს კერძო ან კომერციული კომპანია. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემა არის რეგულირებადი კომპანია, რომლის შემოსავლები და მოგება უნდა იყოს მკაცრად ფიქსირებული და რეგულირებული სემეკის მიერ. ამიტომ, თუ ახლა დაზოგავს [თანხებს], ეს ნიშნავს, რომ ან ნაღდი ფულის პრობლემაა ან ეს ინვესტიცია არ არის სემეკის მიერ ჩადებული ტარიფში. ეს ყველაფერი რაღაც ხარვეზზე მიუთითებს.

ჯანსაღი პრაქტიკა არის, რომ ტარიფში წინასწარ შეთანხმებულად იდება განვითარების გეგმები, რა ინვესტიცია არის საჭირო, ეს უკვე უნდა იყოს ასახული ტარიფში და ამის საშუალებით საკმარისი ფინანსური რესურსი უნდა შეექმნას ელექტროსისტემას, რომ ასეთი პროექტები თვითონ განახორციელოს. რატომ არ არის ასეთი მდგომარეობა, შეიძლება რამდენიმე მიზეზი იყოს. ან ტარიფში არ არის შეტანილი, ან არის შეტანილი და გადახარჯულია, ან ადრე იყო რაღაც ზედმეტი ხარჯები და ახლა უბრალოდ ნაღდი ფულის პრობლემაა.

ეს პრაქტიკა არ არის მაინცდამაინც სახარბიელო და ეს მიუთითებს, რომ პრობლემები არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ჯანსაღი პრაქტიკაა, რომ თავისი ინფრასტრუქტურა თვითონ უნდა განავითაროს ელექტროსისტემამ, დახმარება არ უნდა სჭირდებოდეს და კერძო კომპანიებს არ უნდა ედებოდეთ დამატებითი ხარჯები იმისთვის, რომ თავიანთი პროექტები არ გააძვირონ. იმათ უძვირდებათ ეს პროექტები, ხომ? მაინც საბოლოოდ მომხმარებელი იხდის საფასურს ყოველთვის და ყველგან. რა ფორმით და როგორი კონკრეტული მექანიზმებით განხორციელდება ეს, აქ უკვე სხვადასხვა ვარიანტებია", - განაცხადა მურმან მარგველაშვილმა.

"ელექტროსისტემას ჩამორჩენა ჰქონდა..." - რატომ ჩაერთო ბიზნესი ქვესადგურის მშენებლობის თანადაფინანსებაში?

ელექტროსისტემას ფინანსურად მძიმე მდგომარეობა აქვს, ამიტომ ჩაერთნენ დეველოპერები - მირცხულავა ქვესადგურის მშენებლობაზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები