კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას" ინფორმაციით, "შუახევი ჰესის" პროექტის ფარგლებში აშენებული "დიდაჭარის" კაშხალის მშენებლობა 2017 წლის დასაწყისში დასრულდა და მას შემდეგ, ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად ფუნქციონირებს. მუდმივად მიმდინარეობს კაშხლის სხვადასხვა სექციის რუტინული მონიტორინგი შესაბამისი ტექნიკური გეგმის ფარგლებში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, "დიდაჭარის" კაშხალი, როგორც მსგავსი ტიპის ყველა დიდი ბეტონის ნაგებობა კონკრეტული თანმიმდევრობით და ცალკეული სექციებისგან შედგება, რომელთა შორისაც მოწყობილია "კონსტრუქციული ნაკერები", ტემპერატურული ცვლილებების გამო ბეტონის სხვადასხვა ნაწილების გაფართოებისა და შეკუმშვის დროს წყლის მცირე ნაკადის გამოდინება ჩვეულებრივი მოვლენაა და შესაბამისი სამუშაოები ტარდება პროფილაქტიკური სამუშაოების ფარგლებში.
"ჩვენთვის ცნობილია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა დიდაჭარის კაშხლის ვიდეომ, საზოგადოების ნაწილში, გარკვეული შეშფოთება გამოიწვია, რასაც არ იზიარებენ დარგის მცოდნე სპეცილისტები. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ დიდაჭარის კაშხალი წარმოადგენს უსაფრთხო და მდგრად ნაგებობას, რომელიც ქართულ და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია. ვინაიდან "ცემენტაციის" სამუშაო შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წყალსაცავის ავსების შემდეგ, ტექნიკური გეგმის მიხედვით ეს სამუშაო დიდაჭარის კაშხალზე დაგეგმილი იყო მაისი-ივნისის თვეში, რაც ხორციელდება და ამ დროისთვის სამუშაოს 80% უკვე დასრულებულია. დიდაჭარის კაშხალი ათწლეულების მანძილზე, ოპერირებას განახორციელებს წარმატებით", - განაცხადა კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას" აღმასრულებელმა დირექტორმა პრაშანტ ჯოშმა.