2020-2022 წლებში აღმასრულებელი ხელისუფლების 394-მა თანამდებობის პირმა ან მისმა ოჯახის წევრმა მიიღო საჩუქარი, რომლის ჯამური ღირებულება 27,8 მილიონ ლარს შეადგენდა, - ამის შესახებ საუბარია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.
ორგანიზაციის ინფორმაციის მიხედვით, 2020-2022 წლებში 18,6 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიღებული აქვს უშუალოდ დეკლარანტ თანამდებობის პირს, ხოლო 9,2 მილიონი ლარის საჩუქარი - მათი ოჯახის რომელიმე წევრს.
როგორც IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა გოგა თუშურაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა, მიღებული საჩუქრის ოდენობით პირველ ხუთეულში საგარეო საქმეთა და ძალოვანი უწყების სამინისტროების თანამდებობის პირები არიან. პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამ სიაში 18-ე ადგილზეა.
„კვლევამ აჩვენა, რომ მასშტაბი საკმაოდ დიდია. მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ მიღებული სოლიდური თანხა საჩუქრის სახით. ამ კვლევის ფარგლებში ორი მიმართულების პრობლემა გამოვარჩიეთ, ერთი, რამდენად ხდება იმ საკანონმდებლო ნორმების დაცვა, რომელიც გათვალისწინებულია საჩუქრის მიღებასთან და მეორე, ეს არის საჩუქრების მასშტაბი. ეს კითხვებს აჩენს როდესაც საჩუქრის წყარო და თანხების წარმომავლობა ბუნდოვანია.
კვლევას წინ უძღოდა გასაჯაროებული ფაქტები, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, იგივე პრემიერის მაგალითს, რომელიც მშობლებისგან ყოველ წლიურად იღებს საჩუქარს. 2 წლის განმავლობაში მას 300 ათასი ლარის ოდენობის საჩუქარი აქვს მიღებული, თუმცა, თუ შევხედავთ პირველ ოცეულს, ვნახავთ, რომ ის ამ 300 ათასი ლარით 18-ე ადგილზეა.
პირველ ხუთეულში ჭარბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ძალოვანი უწყების თანამდებობის პირები. პირველ ადგილზეა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელსაც 1,3 მლნ აქვს საჩუქრის სახით მიღებული, თუმცა ამ შემთხვევაში ნაკლები კითხვაა, რადგან ამ პირის ოჯახის წარმომავლობა უკავშირდება ბადრი პატარკაციშვილს. შემდეგ მოჰყვება ისევ ამ სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, ასევე გვყავს ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი თავდაცვის სამინისტროში, ასევე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი გარემოს დაცვის სამინისტროში. ყველაზე მეტად სწორედ ზედამხედველობის, მაღალ ფინანსებთან შეხებაში მყოფი პირები ფიქსირდებიან, შესაბამისად ამ კუთხით მეტი მონიტორინგის და კონტროლის გამკაცრებაა საჭირო. ჩვენ მიგვაჩნია სწორედ ეს ნაწილია მაღალი კორუფციული რისკის შემცველი. არსებობს ეჭვები რომ საჩუქრის სახით ხდებოდეს გარკვეული თანხების ლეგალიზება ან კანონშეუსაბამო ქმედებები.
IDFI უახლოეს პერიოდში წარადგენს მოკვლევის შედეგებს სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან მიმართებითაც,“ - განაცხადა გოგა თუშურაშვილმა.