მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განვითარებისთვის ევროინტეგრაციის საკითხის ბოლომდე მიყვანა გვჭირდება - გოგა თუშურაშვილი

სს

განვითარებისთვის ევროინტეგრაციის საკითხის ბოლომდე მიყვანა გვჭირდება, - ამის შესახებ IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა გოგა თუშურაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ თქვა.

კითხვას, რას უკეთებს ე.წ რუსული კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლება საქართველოს? მან უპასუხა, რომ ევროინტეგრაციის გზას აშორებს.

„ვისურვებდი, ბოლომდე მივიყვანოთ ევროინტეგრაციისკენ დაწყებული საქმე. ვფიქრობ, ქვეყანას განვითარებისთვის ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ კანონმა საქართველოს შეიძლება შეუქმნას ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებაა. ამის შესახებ ინფორმაცია, უპირველესად ყველაზე კარგად იცის მან, ვინც ეს კანონი დააინიცირა. რასაც აქამდე მივაღწიეთ, შესაძლოა, ისიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“, - განაცხადა მან.

გოგა თუშურაშვილის თქმით, ამ კანონს გამჭვირვალობასთან კავშირი არ აქვს, რადგან ფინანსური საკითხები ისედაც გამჭვირვალეა.

„ამას არაფერი არ აქვს საერთო გამჭვირვალობასთან, რაზეც აპელირება ხდება. პირადად ჩემი კომპანიის მაგალითზე ვიტყვი, რომ ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს და გამოქვეყნებულია არა მხოლოდ ფინანსური ანგარიშები, არამედ საგრანტო ხელშეკრულებებიც და ყველას შეუძლია გაეცნოს ამ ფინანსურ ინფორმაციას. ორგანიზაცია, რომელიც წლებია მუშაობს, რომ ქვეყანაში განვითარდეს საჯარო რეფორმა, ინფორმაციის თავისუფლება და ემსახურება ქვეყანას თავისი არსით და საქმიანობით, არ ვაპირებთ გვქონდეს სტატუსი, როგორც "უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი". შეიძლება მას იქამდე მიგვიყვანოს, რომ ქვეყანაში შეიზღუდოს მსგავსი ორგანიზაციების არსებობა“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ პოლარიზაციას უნდა დაესვას წერტილი.

„ოცნება“ ე.წ. რუსულ კანონს პარლამენტში აბრუნებს. ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღს განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა დააინიციროს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კანონპროექტი ზუსტად იგივე იქნება, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, თუმცა ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

ამასთან, დღეს ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოში „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის აღდგენის განზრახვის შესახებ განცხადება გაავრცელეს, სადაც წერია, რომ იგი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს ამბიციებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.ისინი ევროკომისიას მოუწოდებენ, თვალყური ადევნოს, საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები შეესაბამება თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და შეფასება დროულად წარმოადგინოს.

რა წერია "ოცნების" მიერ ხელახლა წარდგენილ "რუსულ კანონში" - კანონპროექტი სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები