"ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაარეგისტრირა. დოკუმენტში წერია, რომ კანონპროექტის მიზანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.
ცვლილებები „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.
„ოცნება“ ე.წ. რუსულ კანონს პარლამენტში აბრუნებს. ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღს განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა დააინიციროს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კანონპროექტი ზუსტად იგივე იქნება, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, თუმცა ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
კანონპროექტის თანახმად, სუბიექტი, რომელიც 2023 წლის მონაცემების მიხედვით აკმაყოფილებს კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, ვალდებულია, კანონპროექტით დადგენილ ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის იუსტიციის სახლის მეშვეობით წერილობითი განცხადებით (მატერიალური ფორმით) მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირება, რის შემდეგაც ხორციელდება კანონპროექტით დადგენილი შესაბამისი პროცედურები. ამ ნორმის არსებობა საჭიროა, რადგან მისი არარსებობის შემთხვევაში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულება არ გავრცელდებოდა იმ სუბიექტებზე, რომლებიც 2023 წლის მონაცემების (გარემოებების) მიხედვით აკმაყოფილებენ კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს.
ამასთან, გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები:
- უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის იმავე მუხლით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით;
- იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას, ჯარიმა 10 ათასი ლარია;
- თუ დოკუმენტებში ხარვეზები განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდება, ჯარიმა 10 ათასი ლარი იქნება;
- კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ათასი ლარის ოდენობით.
დოკუმენტის თანახმად, კანონპროექტით წესრიგდება ძირითადად შემდეგი საკითხები:
- უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტებები;
- სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის საკითხი;
- უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტებისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი;
- უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხი;
- უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი;
- უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი;
- უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას ან კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.
დოკუმენტში წერია, რომ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს და არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს, რადგან, კანონპროექტის ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საჭიროა გარკვეული მოსამზადებელი პერიოდის არსებობა. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორია საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“.
ცნობისთვის: მმართველმა ძალამ გასულ წელს უცხოური აგენტების“ შესახებ რუსული კანონპროექტი დააინიცირა, რომელიც პარლამენტმა 7 მარტს, პირველი მოსმენით მიიღო და ვენეციის კომისიასაც გადაუგზავნა, თუმცა საზოგადოების მასობრივი პროტესტის შემდეგ, 9 მარტს მისი უკან გაწვევა გადაწყვიტა, 10 მარტს კი კანონპროექტი ფორმალური, მეორე მოსმენის შემდეგ ჩავარდა.
მას შემდეგ არაერთხელ ითქვა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, რომ კანონს უკან აღარ დააბრუნებდნენ. ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ივნისში განაცხადა, რომ ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს მკაფიოდ დაუდასტურა, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებდა „უცხოელი აგენტების“ კანონს მიბრუნებოდა. "ეს საკითხი არის დახურული და ჩვენ აღარ მივუბრუნდებით ამ საკითხს“,- აღნიშნა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა.
ახალმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ კი თებერვალში, დანიშვნამდე პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას აღნიშნა, რომ გასულ წელს მმართველმა პარტიამ ანგარიში გაუწია “შეცდომაში შეყვანილი” ადამიანების პოზიციას, რომლებიც ამ კანონპროექტს “წაუკითხავად” აკრიტიკებდნენ და ამიტომ გაიწვიეს უკან.