პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში მოქმედ ელჩებს „რუსულ კანონზე“ საჯარო დისკუსიაში კიდევ ერთხელ იწვევს.
კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კრიტიკოსებს კანონპროექტის წინააღმდეგ არგუმენტი არ აქვთ. ამასთან, პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ ამგვარი კანონები ამ ქვეყნებშიც მოქმედებს ან აქტიურად განიხილება.
"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოში მოქმედ ელჩებს, რომლებიც შესაბამის ქვეყნებს წარმოადგენენ, თუ რაიმე არგუმენტი აქვთ, დავსხდეთ საზოგადოების წინაშე და გავმართოთ საჯარო დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით.
ჩვენ მზად ვიყავით და ახლაც, ნებისმიერ დროს მზად ვართ, გავითვალისწინოთ პარტნიორების არგუმენტირებული რეკომენდაციები. ის ფაქტი, რომ შესაბამისი ქვეყნები ერთი მხრივ საქართველოს შიდა პოლიტიკურ დებატებში პირდაპირ ერევიან, ხოლო მეორე მხრივ, მათი ოფიციალური წარმომადგენლები დღემდე უარს ამბობენ საჯარო დისკუსიაზე, ადასტურებს, რომ სინამდვილეში, მათ კანონპროექტის წინააღმდეგ არავითარი არგუმენტი არ აქვთ. არგუმენტები მით უმეტეს ვერ იარსებებს, რომ ამგვარი კანონები მათთანაც მოქმედებს ან აქტიურად განიხილება. თუმცა, მაინც გვეუბნებიან, რომ კანონის მიღება არ უნდა გავბედოთ. ასეთ პირობებში, მათი მხრიდან ცილისმწამებლური განცხადებების კვლავაც გავრცელება და მშრალი შანტაჟის ენით საუბარი უკიდურესად არაევროპული და არადასავლურია.
ყველა ცილისმწამებლური განცხადების ავტორი იზიარებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც გუშინ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის შესრულებით ვიხილეთ. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას, ასევე, სრულად იზიარებენ აქციების ორგანიზატორი და წარმმართველი რადიკალური პარტიები, „ენჯეოები“ და მათი წარმომადგენლები. ყველას ვაფრთხილებთ, საკუთარი მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა სათანადოდ გაიაზრონ",- თქვა კობახიძემ.