მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი ევროსაბჭოს წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტის შედეგებს ეხმაურება

606575d8d8a45
ვიქტორია მღებრიშვილი
01.04.21 11:26
928
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ევროპული საბჭოს მედიატორობით  პოლიტიკურ პარტიებს შორის გამართული მოლაპარაკებები შეაფასა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ეს პროცესი მნიშვნელოვანი იყო ყველასთვის.

„მინდა გამოვეხმაურო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციითმიმდინარე პროცესს, რომელიც აქტიურად მიმდინარეობდა. რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა შეთანხმების მიუღწევლობის მიუხედავად ამ პროცესიდან მაინც უნდა გამოვიტანოთ. კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებაც კი არ ყოფილა, ეს ბუნებრივია, რადგან ქართველი ხალხის უმრავლესობა, მთელი დასავლური საზოგადოება და მთელი მსოფლიო აღიარებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მის შედეგებს, შესაბამისად არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვების არ არსებობს. თუმცა მთელი ცივილიზებული სამყაროსგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია ვხედავთ, რომ არ ცდილობს გამოვიდეს ამ ჩიხიდან, რომელშიც თავად ნებაყოფლობით და სრულიად გაუგებარი გათვლებით შევიდა.

მათ არ ეყოთ გამბედაობა და გონიერება უარი ეთქვათ დაუსაბუთებელ გათვლებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე. დღეს, როდესაც ვითარება ყველასთვის ცხადია, უფლებას ვიტოვებთ აღარ დავკარგოთ დრო ამ ახირების განხილვაზე და ვორიენტირდეთ რეალურ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

მან ოპოზიცია კონსტრუქციულობის დაუცველობაში დაადანაშაულა და განმარტა, რომ ისინი მსგავს საკითხებზე დროის დაკარგვას აღარ აპირებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაწყებული, მასშტაბურ პროექტებს უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ. ეს იქნება სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით და არ გვექნება.

ყველა იმ საკითხზე, რომელიც წარმოდგენილი იყო მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში ჩვენ გვქონდა შემხვედრი პოზიცია - კომპრომისული და კონსტრუქციული. რაც მთავარია ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ მიმავალი ნაბიჯების გადასადგმელად, ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა შეთანხმების მისაღწევად, თუმცა რადიკალურ ოპოზიციას შეთანხმების მიღწევა არ სურდა, მედიატორს დამატებითი პუნქტების შეტანას სთხოვდა და მოლაპარაკების ჩაშლაზე იყო ორიენტირებული. ამას ადასტურებენ თავად ოპოზიციის შედარებით ზომიერი წარმომადგენლები. ეს თავად რადიკალური ოპოზიციის მწვავე კრიზისია.

მადლიერები ვართ ევროპელი მეგობრების, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შეთანხმება არ შედგა ეს პროცესი მნიშვნელოვანი იყო ყველასთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები