მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი ირწმუნება, რომ საქართველოს საფრანგეთისგან პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება არასდროს მიუღია

პრემიერი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შალვა პაპუაშვილის განცხადება „აბსოლუტური სიმართლეა“ და საქართველოს საფრანგეთისგან პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება არასდროს მიუღია.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, მან თქვა, რომ არ არის სწორი საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ არასაბიუჯეტო დახმარებებზე ინფორმაციის გამოქვეყნება.

„შალვა პაპუაშვილმა რაც განაცხადა, არის აბსოლუტური სიმართლე. [საფრანგეთის] ელჩის განცხადებაში ხაზგასმით იყო ნათქვამი საბიუჯეტო დახმარება, რომელიც საქართველოს [საფრანგეთისგან] არასოდეს მიუღია და ამაზე პასუხად როდესაც არასაბიუჯეტო დახმარებაზე ინფორმაციას აქვეყნებ, ეს არ არის სწორი“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, დროებით შეაჩეროს პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და გააძლიეროს დახმარება სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მიმართ. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების შედეგია.

ელჩის განცხადებაზე კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო საფრანგეთისგან პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას არ იღებს.

საფრანგეთის საელჩომ კი 2012 წლიდან გაწეული საბიუჯეტო და ფინანსური მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ამ დროის განმავლობაში საქართველოს 945 მილიონი ევრო აქვს მიღებულ, საიდანაც უდიდესი წილი, 724 მილიონი ევრო საბიუჯეტო სესხებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები