საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი აცხადებს, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, დროებით შეაჩეროს პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და გააძლიეროს დახმარება სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მიმართ. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების შედეგია.
"27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტო შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, რაც ყველამ იცის. ამ მიზეზით ჩვენ გადავწყვიტეთ დროებით შევაჩეროთ პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში, და გავუძლიეროთ დახმარება სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას. საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეატრიალოს კურსი, იმისათვის რომ დავუბრუნდეთ იმას რისი გაკეთებაც გვინდა, ესე იგი გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა მის ევროპულ გზაზე, ყველა სფეროში",- აღნიშნა ელჩმა.
შერაზ გასრის თქმით, ამჟამად გაწევრიანების პროცესი გაყინულია და იმედოვნებს, რომ ევროპულ გზაზე სვლა განახლდება.
"დღეს ვზეიმობთ საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულს, საფრანგეთის კრედო და დევიზი ცნობილია, თავისუფლება თანასწორობა, ძმობა, ეს არის საფრანგეთის დნმ-ში, ფრანგი ხალხი ამ ღირებულებებით არის გაერთიანებული, სწორედ ამას ვზეიმობთ დღეს ქართველ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, რომლებსაც ვუსურვებთ იმავეს. წელს ჩვენი ეროვნული დღესასწაული განსაკუთრებულ კონტექსტში იმართება, რადგან საფრანგეთი პარიზში უმასპინძლებს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებს, რომლებიც 2 კვირაში დაიწყება. ეს არის შესაძლებლობა ჩვენთვის რომ ყველა ერს მათ შორის ქართველ მეგობრებს ვუსურვოთ ბევრი გამარჯვება. ახლახან საქართველომ წარმატებები მოიპოვა ფეხბურთში, ვუსურვებთ გამარჯვებებს სხვა სპორტის სახეობებში, და რასაკვირველია მთავარი გამარჯვება რასაც ვუსურვებთ საქართველოს, ეს არის რომ წარმატებას მიაღწიოს ევროპულ გზაზე. ამჟამად გაწევრიანების პროცესი გაყინულია. ჩვენ ვამხნევებთ საქართველოს ხელისუფლებას, მთელ ქართველ ხალხს, ერთად დადგნენ, გააერთიანონ ძალები და განაახლონ სვლა, ახლა როცა გზა მზადაა მათთვის, ველოდებით",- თქვა ელჩმა.
დღეს, ბასტილიის დღის აღსანიშნავად, საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით სადღესასწაულო მიღება გაიმართა.