მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი ლარის დასტაბილურებისთვის ნათია თურნავას მადლობას უხდის

თურნავა

სამკვირიანი პაუზის შემდეგ, დღეს 11 ივლისს პირველად გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნათია თურნავას მადლობა გადაუხადა ლარის კურსის ეფექტიანი მართვისთვის, რამაც მისი თქმით, ეროვნული ვალუტა დაასტაბილურა.

"ეკონომიკისთვის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვქონდა მოკლევადიანი რყევა გარკვეული დროის განმავლობაში, რაზეც ჩვენი ოპოზიცია დიდ იმედებს ამყარებდა. თუმცა, მაღალი ეკონომიკური ზრდის და ასევე, ეფექტიანი მართვის წყალობით, ლარის კურსი დაუბრუნდა პირვანდელ ნიშნულს, რისთვისაც მადლობა მინდა გადავიხადო ეროვნულ ბანკს და პირადად ნათია თურნავას, რომელმაც ეფექტიანად მართა ეს პროცესი და საბოლოო ჯამში, უზრუნველყო ეროვნული ვალუტის სტაბილურობა.

ყველას გახსოვთ, როგორ ცდილობდნენ ოპოზიცია და მათი მმართველები ეროვნული ბანკის დაკომპლექტებას საკუთარი კადრებით. არც მინდა წარმოვიდგინო, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი იქნებოდა დაკომპლექტებული სწორედ ოპოზიციის კადრებით. ჩვენ გვახსოვს ასეთი პრაქტიკა წინა წლებიდან და ამის გამეორებას ვერ დავუშვებდით", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, „რუსული კანონის“ მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, ერთ თვეში ლარი დოლართან მიმართებით 18 თეთრით - 2.68-დან 2.86-მდე გაუფასურდა. ეროვნული ბანკის სამჯერადმა ინტერვენციამ და 169 მლნ დოლარის გაყიდვამ ვარდნის პროცესი თითოეულ შემთხვევაში შეაჩერა, თუმცა მხოლოდ დროებით.

ჩარევის მიუხედავად კურსი პირვანდელ ნიშნულს არ დაბრუნებია და ახლა, 1 აშშ დოლარი 2.74 ლარი ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები