საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სასწრაფო სამედიცინო სამსახურში გამოვლენილ კორუფციულ გარიგებაში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს გამორიცხავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სუს-ის მიერ გამოვლენილ 2020-2023 წლებში "ვიან"-თან კორუფციული გარიგების საკითხში ჯანდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელის პასუხისმგებლობას შეეხებოდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ გამოავლინეს კორუფციული სქემა სასწრაფო სამედიცინო სამსახურში, რომლის შედეგადაც პაციენტების გადამისამართება ხელოვნურად არა ყველაზე ახლო კლინიკაში, არამედ ჰოსპიტლების ქსელ "ვიანში" ხდებოდა, რისთვისაც სასწრაფო სამედიცინო სამსახურშის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დიდი მოცულობის ქრთამებს იღებდნენ. სუს-ის განცხადების თანახმად აღნიშნული პირები დაკავებული არიან.
„ზურაბ აზარაშვილი აქ არაფერ შუაშია. რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, ეს არის მუდმივი საქმე. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც ჩვენ დავისახეთ, არის კორუფციასთან ბრძოლა, ამაზე აქცენტები გავაკეთე მე პირადად, საპარლამენტო გამოსვლაში. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ჩვენი ამბიციური მიზანი არის ის, რომ ჩვენ გვინდა ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. კორუფციასთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და ყველა სახელმწიფო უწყება, მათ შორის სუს-ი იმოქმედებს ამ მიზნის შესასრულებლად.
სახელმწიფო სისტემა არის ძალიან მსხვილი სუბიექტი, სადაც მუშაობს ათიათასობით ადამიანი. არ არსებობს ქვეყანა, სადაც კორუფციის მაგალითები არ არის. აქ საუბარი მინისტრის პასუხისმგებლობაზე აბსოლუტურად გამორიცხულია. კონკრეტული სავარაუდო დანაშაული გაიხსნა და სადაც იყო ეჭვი დანაშაულთან დაკავშირებით, დაიწყო შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, დანარჩენი არის სპეკულაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რამდენიმე ათასი პაციენტი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კორუფციული გზით "ვიანის" კლინიკაში გადაამისამართა - სუს-ი